კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მას დაკავებით ემუქრება.
„ტრამპის სასაზღვრო სამსახურის უფროსი დაპატიმრებით მემუქრება ლაპარაკისთვის. მოდი და ამიყვანე, მაგარო ბიჭო. მე არ მადარდებს. ეს არ შემაჩერებს კალიფორნიის დაცვისგან“, – დაწერა კალიფორნიის გუბერნატორმა სოციალურ ქსელ X-ში.
შაბათს ტრამპის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა, ტომ ჰომანმა განაცხადა, რომ იმიგრანტების წინააღმდეგ რეიდები გაგრძელდება, პროტესტის მიუხედავად. მან ასევე მიანიშნა, რომ დააკავებენ იმ პირებს, ვინც ოფიცრების მუშაობაში ჩაერევა. NBC News-თან საუბრისას, ჰომანმა განაცხადა, რომ ეს წესი გავრცელდება ყველაზე, მათ შორის თანამდებობის არჩეულ პირებზე.
„თქვენ ზღვარს გადადიხართ. არალეგალი უცხოელის მფარველობა და დამალვა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ასევე, სისხლის სამართლის დანაშაულია სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში ხელის შეშლა“, – განაცხადა ჰომანმა.
კალიფორნიაში საიმიგრაციო აღსრულების სამსახურის ოპერაციების გამო, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები უკვე სამი დღეა, გრძელდება. დონალდ ტრამპის განკარგულებით, არეულობის ფონზე ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრი განთავსდა.