„რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის აღიარებას, რომ მეოცე ნომრად რომ ვეწერებოდი, ვიცოდი, მაგდენ მანდატს ვერ ავიღებდითო, რა თქმა უნდა, წინასწარ იცოდა ოპოზიციამ თავისი რეიტინგის შესახებ,“ – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, [საპარლამენტო არჩევნების] გაყალბებასთან დაკავშირებით ერთი კითხვის ნიშანიც არ არსებობს. ერთი მტკიცებულებაც კი ვერავინ წარმოადგინა. რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის აღიარებას, რომ მეოცე ნომრად რომ ვეწერებოდი, ვიცოდი, რომ მაგდენ მანდატს ვერ ავიღებდითო, რა თქმა უნდა, წინასწარ იცოდა ოპოზიციამ თავისი რეიტინგის შესახებ, წინასწარ იცოდნენ, რომ ისინი დამარცხებულები იყვნენ.
თუმცა, ბატონ ელისაშვილთან დაკავშირებით სერიოზულ კომენტარს ვერაფერზე გავაკეთებ მისი არასერიოზული პიროვნებიდან გამომდინარე. ბოლო დროს თუ არ ვცდები, მან ისიც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ურიგდება თუ ხელს უწვდის თუ ასე შემდეგ. მანამდე გვახსოვს, როგორ ლანძღავდა პირდაპირ ეთერში ბატონ ხაზარაძეს, რა ბრალდებებს უყენებდა და შემდეგ აღმოჩნდა ხაზარაძის პარტიაში. ასეთ არაპრინციპულ ადამიანზე საუბარი, რა თქმა უნდა, რთულია რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აანონსებს. ერთ-ერთ გადაცემაში მან ასევე ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საკუთარ მოლოდინებზეც. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, მან არჩევნებამდეც იცოდა, რომ მეოცე ნომრით პარლამენტში ვერ მოხვდებოდა, რაც ეწინააღმდეგება ოპოზიციური სპექტრის მტკიცებას, თითქოს 2024 წლის არჩევნები გაყალბდა.