ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ფიჩორში გერმანიის მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებული არაღიარებულ რესპუბლიკაში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმრთველოს პრეს-სამსახური ავრცელებს.
საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, “გერმანიის მოქალაქემ განმარტა, რომ ის საფეხმავლო ტურიზმით არის დაკავებული და აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმირებული არ იყო”.
რუსულმა სასაზღვრო სამსახურმა შემდეგი საპროცედურო გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, დაკავებული გერმანიის მოქალაქე აფხაზეთის შესაბამის ორგანოებს გადასცეს.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარედ, რუსი ოკუპანტები ყოველწლიურად ათობით ქართველს აკავებენ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირება განახორცელა და დღემდე აკონტროლებს ამ ტერიტორიებს.
