აშშ-ში კონსერვატორი პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელს ამ დრომდე ეძებენ. იუტას უნივერსიტეტის კამპუსზე, სადაც მკვლელობა მოხდა, ლოკდაუნი იყო გამოცხადებული და სამართალდამცველები კარდაკარ დადიოდნენ, თუმცა ახლა შეზღუდვა მოიხსნა.
როგორც BBC წერს, ამ ეტაპზე უცნობია, აქვთ თუ არა სამართალდამცველებს რაიმე ინფორმაცია მკვლელის შესაძლო ადგილმდებარეობის შესახებ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 2 ადამიანის დაკავების შესახებ, თუმცა ორივე გაათავისუფლეს, რადგან, ოფიციალური პირების განცხადებით, მათ სროლასთან კავშირი არ ჰქონდათ.
ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში სტუდენტური ჯგუფის მიერ იყო მიწვეული, სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით მდებარე კამპუსის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიყენებული დაზიანების შედეგად ის მალევე დაიღუპა.