რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შემდეგ ნატო თავდაცვას აძლიერებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ირკვევა, რომ ნატო-ს რამდენიმე წევრი ქვეყანა აღმოსავლეთ ფლანგის უზრუნველსაყოფად ჯარებს, არტილერიას და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაგზავნის.
პოლონეთმა ინციდენტთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა, რომელიც დღეს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე გაიმართება.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ნიდერლანდები და ჩეხეთი პოლონეთში თავდაცვით ძალებს გზავნიან, ლიეტუვა გერმანულ ბრიგადას უმასპინძლებს, თავად გერმანია კი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ჩართულობას და პოლონეთის თავზე საჰაერო პატრულირებას გააძლიერებს. ამასთან, მედიის ინფორმაციით, პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად საფრანგეთმა Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგების გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის, 10 სექტემბრის ღამეს, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია. გერმანული მედიის ინფორმაციით, რუსული დრონების ნაწილი ნატო-ს ბაზისკენ მიფრინავდა. თუმცა პოლონეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრას ნატო თავდასხმად არ განიხილავს, რადგან დრონების ნამსხვრევებში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.