ლიეტუვამ მოლდოვის მოქალაქეს, ირინა ვლაჰს თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ეს განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს, 16 სექტემბერს გაავრცელა.
2015-2023 წლებში ირინა ვლაჰი გაგაუზიის (მოლდოვა) რეგიონის ბაშკანი (პირველი პირი – რედ.) იყო.
„ეს ნაბიჯი გადაიდგა რუსეთთან მისი კავშირებისა და მოლდოვის პოლიტიკურ პროცესებში რუსეთის არალეგიტიმური ჩარევის აქტიური მხარდაჭერის გამო“, – აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების მტკიცებით, ვლაჰი რეგულარულად სტუმრობს რუსეთს, ხვდება ამ ქვეყნის ოფიციალურ პირებს და კოორდინაციას უწევს რუსეთის ჩარევას მოლდოვის შიდა საქმეებსა და დემოკრატიულ პროცესებში, მათ შორის – მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
ირინა ვლაჰი აგვისტოში კანადამაც დაასანქცირა.
„მოლდოვის უწყებათაშორისმა საზედამხედველო საბჭომ ვლაჰის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომები დააწესა, ხოლო მოლდოვის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურმა მისი სახსრები და სხვა აქტივები გაყინა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ვლაჰისთვის ლიეტუვის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა ხუთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.
https://www.lrt.lt/en/news-in-english/19/2679441/lithuania-sanctions-moldovan-politician-irina-vlah