ალბანეთში 20-წლამდელებს შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა ძალოსანმა გოგა ჯაჯვანმა ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები მოიპოვა, გერვასი თაბაგარმა კი აკვრაში ვერცხლი დაიმსახურა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გოგა ჯაჯვანმა(94 კგ) ატაცში 166 კილოგრამი დასძლია, აკვრაში 197 კილოგრამი დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში კი 363 კილოგრამი მოაგროვა. ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში მან ევროპის რეკორდები დაამყარა. გერვასი თაბაგარმა(94 კგ) აკვრაში 196 კილოგრამი დააფიქსირა.
ქართველი ძალოსნების დაჯილდოებაში მონაწილეობა საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა მიიღო.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ (88 კგ) სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა, გიგა ოდიკაძემ(60 კგ) კი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობენ.
