თურქეთის უმსხვილესმა ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო დროს დაწესებული დასავლური სანქციების საპასუხოდ მეტი რაოდენობით არარუსული ნავთობის შესყიდვა დაიწყეს, – ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროების თქმით, ერთ-ერთმა უმსხვილესმა თურქულმა ქარხანამ – SOCAR Turkey Aegean Refinery (STAR), რომელიც აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ საკუთრებაშია, ახლახან შეიძინა ნავთობი ყაზახეთიდან და სხვა არარუსული მიმწოდებლებისგან.
როგორც „როიტერი“ წერს, ტვირთების ზომიდან გამომდინარე, მათი გათვლებით, შესყიდული ნავთობი დღეში დაახლოებით 77,000–129,000 ბარელს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ „სოკარი“ ნაკლებ რუსულ ნავთობს გამოიყენებს.
ამასთან, როგორც წყაროებმა „როიტერს“ განუცხადეს, კიდევ ერთი მსხვილი თურქული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა Tupras, რომელიც თურქეთში ორ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ფლობს, ერთ-ერთი ქარხნისთვის ზრდის არარუსული წარმოების ნავთობპროდუქტების შესყიდვებს, რათა ევროკავშირის სანქციების დარღვევის გარეშე გააგრძელოს ევროპაში საწვავის ექსპორტი.
ცნობისთვის, თურქეთი, ჩინეთთან და ინდოეთთან ერთად, რუსული ნავთობის მთავარი შემსყიდველია.
