როგორც პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) გვაუწყებს, რომ საქართველოში მედია მიტაცებული ყოფილა და თანაც იმ ადამიანის მიერ, ვინც 2012 წლიდან მოყოლებული, ერთ-ერთი მთავარი, რაც საქართველოსთვის გააკეთა სწორედ ის იყო, რომ მედია რეჟიმის მსახურებისგან გაათავისუფლა და შექმნა შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყანაში ნებისმიერ ჟურნალისტს არა პოლიტიკური ძალების დაკვეთით, არამედ საკუთარი პროფესიული სტანდარტის მიხედვით ემოქმედა, – წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.
შათირიშვილი საქართველოში, მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ მაღალ სტანდარტზე წერს და აღნიშნავს, რომ საუბარი იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იზღუდება, ოქსიმორონია.
ამასთან, ფილოსოფოსის თქმით, ნიშანდობლივია, რომ მედია, ასევე ამ სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ტოტალურად კონტროლდება „დიფ სთეითის“ მიერ.
„კომიკურია, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის 34-კაციან სიაში ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანა, რადგან თუკი დღეს, მსოფლიოში, სადმე თავისუფალი მედია და მედია პლურალიზმი არსებობს, მათ შორის საქართველო ერთ-ერთი პირველია. ესაა მოცემულობა, რომელიც საქართველოში ყველამ კარგად იცის და ამაში დასარწმუნებლად დიდი ექსპერტული ცოდნაც არაა საჭირო, უბრალოდ, გადათვალეთ არათუ ზოგადად – სატელევიზიო არხების, ან ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების, არამედ ოპოზიციის პროპაგანდისტული ტელევიზიების და მედიასაშუალებების რაოდენობა და თავად წარმოიდგინეთ, პრესის თავისუფლების რომელი „მიმტაცებელი“ „მოითმენდა“, ან „შეეგუებოდა“ ასეთ მდგომარეობას?!
უფრო შორს არ წავალ, უბრალოდ შეგახსენებთ კიდევ ერთ მოცემულობას – ტელევიზიის გახსნის სიმარტივით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და ესეც რომ არა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც პოლიტიკურად, თუ ფინანსურად ანგაჟირებული პირები თუნდაც მხოლოდ იმიტომ აფუძნებენ ტელევიზიებს, რომ შემდეგ ინდულგენციად გამოიყენონ და საკუთარი დანაშაულის დასაფარად, ტელევიზიის დამფუძნებლისა, თუ მფლობელის მანტიას ამოეფარონ, ხოლო ის ფაქტი, რომ კანონი და ვალდებულებები მათზეც ვრცელდება, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლად გაასაღონ.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ აზრით, ასეთი რამ ხდება ქვეყანაში, სადაც თურმე ბიძინა ივანიშვილს პრესის თავისუფლება აქვს მიტაცებული. საქართველოში დღეს ქართულ საზოგადოებას იმას რომ ეტყვი, თითქოს აქ სიტყვის თავისუფლება იზღუდება, ამით ყველაფერი ნათქვამია…
ამ ოქსიმორონზე ალბათ არც გავამახვილებდი ყურადღებას, რომ არა ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის გარემოება, რაც ამ აბსურდს ლოგიკურ ახსნას უძებნის. საქმე ის გახლავთ, რომ როგორც მოგეხსენებათ, ევროპაში და არა მხოლოდ, რამდენიმე გამონაკლისი ქვეყნის (მაგ. უნგრეთი, სლოვაკეთი) გარდა, მედია, ისევე როგორც ამ სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ტოტალურად კონტროლდება „დიფ სთეითის“ მიერ. ევროპისგან განსხვავებით, სადაც რამდენიმე ქვეყანა მაინც ცდილობს, რომ „დიფ სთეითის“ კონტროლისგან დაიცვას და შეინარჩუნოს თავისუფალი მედია, საპირისპირო სურათს ვხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ცდილობენ შექმნან კონკურენციის ილუზია, თითქოს არსებობს ლიბერალური მედიები, რომლებიც დემოკრატების მხარდამჭერები არიან და კონსერვატიული მედიასაშუალებები, რომლებიც რესპუბლიკელებს უჭერენ მხარეს, ეს ყველაფერი ფორმალური და მოჩვენებითია, რადგან რეალურად, ორივე მხარეს „დიფ სთეითი“ აკონტროლებს და იქ თავისუფალი მედია, უბრალოდ, არ არსებობს!
„დიფ სთეითი“ მოქმედებს მარტივი ფორმულით – მედია, რომელსაც „დიფ სთეითი“ ვერ აკონტროლებს თავისუფალი არ არის, ისევე, როგორც ქვეყანა, რომელიც მათი აგენტურით არ იმართება, არ არის დემოკრატიული! სწორედ ასე განსაზღვრავს „დიფ სთეითი“ მედიის თავისუფლებას – რასაც თავად ვერ აკონტროლებენ, ის მიტაცებულია „ვიღაცისგან“, იქნება ეს ბიძინა ივანიშვილი, თუ ნებისმიერი სხვა.
იგივე, მარტივი ფორმულა მუშაობს სახელმწიფოებთან მიმართებაშიც, ამიტომაც გამოჰყავთ, რომ მათ მიერ კონტროლირებული და მათი დავალებების შემსრულებელ უკრაინასა და მოლდოვაში დემოკრატია „ყვავის“, საქართველოში კი, სადაც ხელისუფლებაში საკუთარი აგენტების მოყვანა ვერ მოახერხეს, დემოკრატიის „უკუსვლა“ გვაქვს… მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგახსენებთ, რომ სანამ სააკაშვილის მეთაურობით მათი აგენტურა მართავდა საქართველოს, 2003 – 2012 წლებში, ანუ როცა რეჟიმი მათ დავალებებს პირუთვნელად ასრულებდა, ქვეყანას, სადაც კაცის კვლა, წამება, ბიზნესის რეკეტი და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა ყოველდღიურობად იყო ქცეული, სადაც თავისუფალი მედია არ არსებობდა და მათი აგენტების მიერ მთლიანად იყო მონოპოლიზებული – „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ, დღეს კი თურმე საქართველოში დემოკრატიის „უკუსვლასთან“ გვაქვს საქმე. და ეს იმ ფონზე, როდესაც მთელი რიგი კვლევების, თვლადი და ობიექტური მონაცემების მიხედვით, საქართველოში არათუ დემოკრატიის „უკუსვლაზე“ საუბარია აბსურდი, არამედ არაერთი მიმართულებით, ჩვენი ქვეყანა წინ უსწრებს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც კი.
კონკრეტულად მედიის მდგომარეობას რომ დავუბრუნდეთ, საქართველოში არაერთი მედია სწორედ „დიფ სთეითისგან“ კონტროლდება და ესეც რომ არა, რამდენსაც უნდათ, იმდენს დააფუძნებენ, მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ, „დიფ სთეითისთვის“ პრობლემურია ის, რომ საქართველოში მათი ინტერესებისგან განსხვავებული აზრი შეიძლება არსებობდეს. სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ თავისუფალი სიტყვა და აზრი, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებენ, მედიის მიტაცებად ცდილობენ გაასაღონ. საქართველოში თავისუფალი მედიის არსებობა „დიფ სთეითისთვის“ რომ პრობლემაა, ამაზე მეტყველებს ის პროცესები, რაც ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარდა, როდესაც ვერ შეძლეს ქართული საზოგადოებისთვის დაემტკიცებინათ, რომ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის მოტივით მიღებული გამჭვირვალობის კანონი – „რუსული“ იყო, ხოლო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს – ადამიანის უფლებებს ლახავდა. ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის ამ აბსურდის თავს მოხვევა სწორედ იმიტომ ვერ შეძლეს, რომ საქართველოში არსებობს თავისუფალი მედია და აზრი. ამიტომაც შეიყვანეს ბიძინა ივანიშვილი ზემოაღნიშნულ სიაში.
ზოგადად, ცნობილია, რომ მათი მოქმედების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი რეალობის მოდელირებაა, ამ მიზნის მისაღწევად კი ნომერ პირველ საშუალება სწორედ მედიაა. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში ვერ ახერხებენ ვირტუალური რეალობა – რეალობად წარმოაჩინონ, რასაც, მათ შორის, სწორედ ბიძინა ივანიშვილი უშლის ხელს, ევრობიუროკრატია ყველაფერს აკეთებს ქართული საზოგადოების წყობიდან გამოსაყვანად. ამავდროულად, ყველა კარგად ვხედავთ რა ხდება იმ ქვეყნებში, სადაც მედიას და სახელმწიფოს სრულად აკონტროლებს „დიფ სთეითი“. ჩემს ერთ-ერთ წინა წერილში გერმანიის მაგალითი მოვიტანე, რომელსაც აქაც გავიმეორებ. გერმანია საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ რა გემართება, როდესაც „დიფ სთეითისგან“ იმართები. ერთ დროს ყველაზე განვითარებული, ყველაზე წარმატებული, მოწინავე ეკონომიკის ქვეყანას თავისი ხელით დაანგრევინეს ენერგეტიკა – ჯერ ატომური ელექტროსადგურები დაახურინეს და მათ ნაცვლად ქარის ელექტროსადგურები მოაწყობინეს, რომლებიც, რა თქმა უნდა, გაცილებით არაეფექტურია, შემდეგ კი თავად ათქმევინეს რუსეთისგან იაფი ენერგიის შესყიდვაზე უარი და მეტიც, ახლა, როგორც გერმანიას, ისე ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს, რუსეთთან საომრად ამზადებენ. გერმანია რომ აქამდე მივიდა ლომის წვლილი მიუძღვის იმას, რომ ამ ქვეყანაში მედია ტოტალურად იმართებოდა „დიფ სთეითის“ მიერ.
დასასრულ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ „მედიის თავისუფლების მიმტაცებელთა“ სიაში ილონ მასკის გამოჩენა სულაც არაა შემთხვევითი. საქმე ის გახლავთ, რომ მასკი, არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების მიერ „კოლბაში გამოყვანილი“ მილიარდერი, რომელსაც რეალური აქტივები უბრალოდ არ გააჩნია, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითის“ მიერ ხელოვნურად შექმნილი და მართული მინი-ოლიგარქია.
„დიფ სთეითისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ყველა სფეროში, ყველა იდეოლოგიაში ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი, რომელსაც თავდაპირველად „დიფ სთეითის“ იდეების და პოლიტიკის მოწინააღმდეგედ წარმოადგენენ, შემდეგ კი, როგორც საკუთარ აქტორსა და აგენტს, უკეთ პოზიციონირებისა და პოლიტიკური მნიშვნელობის გასაზრდელად, ასეთ სიებსა და რეიტინგებში ახვედრებენ“, – წერს შათირიშვილი.
