„თითოეულ ენერგეტიკულ პროექტს სჭირდება მნიშვნელოვანი კვლევა იმისთვის, რომ იყოს როგორც სწორი ეკონომიკური, ასევე გარემოსდაცვითი ბალანსი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატებში მონაწილეობისას.
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ენერგეტიკული პროექტების განვითარება კომპლექსურ დაგეგმვასა და მრავალეტაპიან პროცესს მოიცავს. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გაძლიერებული მონიტორინგის შედეგად მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.
„მნიშვნელოვანია ყველა პროექტის განვითარების კუთხით პროცესებს საკმაოდ კომპლექსურად შევხედოთ. უმნიშვნელოვანესია პროცესის დაგეგმარებაც. საკმაოდ ბევრი ცვლილება განხორციელდა გასული თვეების განმავლობაში, რაც, მათ შორის, პირველ რიგში, გულისხმობს პროექტების განვითარების მონიტორინგს, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის, მოსახლეობისთვის, მათ შორის ინვესტორისთვის და ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, როდესაც ინვესტორი აკეთებს ინიციატივას, იწყება კვლევის რეჟიმი, რომელიც გულისხმობს საკვლევი არეალის საკმაოდ კომპლექსურ და სიღრმისეულ მოკვლევას და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კვლევამ აჩვენა პროექტის მიზანშეწონილობა არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ გარემო პირობების გათვალისწინებით, პროექტი გადადის სამშენებლო ეტაპზე. მინისტრის თქმით, ენერგეტიკული პროექტები ექსპლუატაციაში მხოლოდ სამშენებლო ეტაპის დასრულების შემდეგ გადადის და ენერგოსისტემას უერთდება, ხოლო მათი მრავალფეროვნების მიუხედავად, თითოეული პროექტი საჭიროებს სიღრმისეულ კვლევას.
„რა თქმა უნდა, პროექტები თავისი შინაარსით განსხვავდება, ისევე როგორც მასშტაბითაც – არსებობს მცირე ჰესები, საშუალო ზომის ჰესები, ისევე როგორც მსხვილი ჰესები, არსებობს მზის ელექტროსადგურები, ქარის სადგურები და თითოეულ ამ პროექტს სჭირდება თავისი მნიშვნელოვანი კვლევა იმისთვის, რომ იყოს ძალიან სწორი ბალანსი“, – განმარტავს მარიამ ქვრივიშვილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ ენერგეტიკული პროექტების განვითარებაში კრიტიკულია როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორის პასუხისმგებლობა და ყველა პროცედურის სრულყოფილად შესრულება, მათ შორის გზშ-ს ეტაპზე საჯარო განხილვები.
„ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანი, ნენსკრა თუ ხუდონი, არამედ უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ უნდა აშენდეს, როგორია სწორი ფორმა იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ უზრუნველვყოთ მთავარი ამოცანის შესრულება, რაც არის ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
