ეკლესიის დისკრედიტაციით მათ უნდათ, ევროკავშირის ბიუროკრატიას აამონ და ასიამოვნონ, რომ აი, ჩვენ იმდენად პროევროპულები ვართ, რომ ჩვენთვის არაფერს ნიშნავს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და რომ მათ როგორმე დაანახონ, აი, ჩვენ თქვენიანები ვართ, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატია პირდაპირ ანტიეკლესიურია და ანტიქრისტიანული მიმართულების ყველა პოლიტიკურ დაჯგუფებას უჭერს მხარს.
გიორგობიანმა ასევე აღნიშნა, რომ რადიკალების ასევე ერთ-ერთი მიმართულებაა, კომპრომატებით მათთან დაკავშირებული გარკვეული პირების ინტერესების დაცვა და რომ როგორმე ხელი შეუშალონ საეკლესიო კრების სწორად, მშვიდად და კანონიერად ჩატარებას. აღნიშნულის მაგალითად მან მოიყვანა პეტრე ცაავა, რომელიც სინოდის წევრი აღარ არის, თუმცა სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიეღო ახალი პატრიარქის არჩევის პროცესში. გიორგობიანი მიიჩნევს, რომ ეს წესის დარღვევა იქნებოდა.
„1995 წელს დაიდო კონკორდატი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის და ასევე 1995 წელსვე იქნა მიღებული არჩევნებისა და შიდა განაწესის წესი – როგორ ტარდება სინოდის სხდომა, არჩევნები და ასე შემდეგ. ყველაფერი არის გაწერილი, ყველაფერი კანონის მიხედვით მიმდინარეობს დღესაც. ტახტის მოსაყდრე შიო აკეთებს ყველაფერს ისე, როგორც წესი და დაწერილი კანონი მოითხოვს. მათ უნდათ, რომ გარედან, პოლიტიკური კულუარებიდან შემოიტანონ რაღაც შფოთი ეკლესიაშიც და საზოგადოებაშიც“, – განაცხადა გიორგობიანმა.
იგი დარწმუნებულია, რომ რადიკალური ოპოზიცია ამას ვერ მიაღწევს.
