რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი დაიბარეს და აცნობეს, რომ აღმოსავლეთ ციმბირის ქალაქ ირკუტსკში პოლონეთის საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება 30 დეკემბრიდან შევა ძალაში.
კრემლის განცხადებით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს საპასუხო რეაქციას ვარშავის გადაწყვეტილებაზე – თავდაპირველად პოლონეთმა თქვა უარი გდანსკში არსებული რუსეთის საკონსულოსთვის ფუნქციონირების ნებართვის გაგრძელებაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის ელჩი ხუთშაბათს, 27 ნოემბერს დაიბარეს და ნოტის მეშვეობით, ოფიციალურად აცნობეს: „პოლონეთის ხელისუფლების მიერ 2025 წლის 23 დეკემბრიდან გდანსკში რუსეთის გენერალური საკონსულოს ფუნქციონირებაზე თანხმობის გაუქმების საპასუხოდ, რუსულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ 2025 წლის 30 დეკემბრიდან გააუქმოს თანხმობა ირკუტსკში პოლონეთის გენერალური საკონსულოს საქმიანობაზე.“
კრემლმა გდანსკში რუსეთის საკონსულოს დახურვას პოლონეთის მხრიდან „ღიად მტრული და გაუმართლებელი“ ნაბიჯი უწოდა.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-მა კი ირკუტსკში პოლონეთის საკინსულოს დახურვა პოლონეთის წინააღმდეგ მიმართულ „საპასუხო ზომად“ მოიხსენია.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ეს გადაწყვეტილება 19 ნოემბერს გამოაცხადა.
რუსეთის საკონსულო გდანსკში 23 დეკემბრის შუაღამემდე უნდა დაიხუროს, ხოლო მისი პერსონალი ვალდებულია, მანამდე პოლონეთის ტერიტორია დატოვოს.
