კათოლიკური ეკლესიაში დიაკვნებად ქალების მსახურებას ვატიკანი კვლავ ეწინააღმდეგება. ამ საკითხზე დებატები, პაპ ფრანცისკეს ინიციატივით, 2016 წლიდან მიმდინარეობს.
ვატიკანის ავტორიტეტულმა კომისიამ კათოლიკური ეკლესიაში ქალების დიაკვნებად მსახურების წინააღმდეგ მისცა ხმა, თუმცა, აღნიშნული კომისია, ამავე დროს, რეკომენდაციას იძლევა, რომ საკითხის შესწავლა მომავალშიც გაგრძელდეს. კომისიის რვა წევრიდან მხოლოდ ერთი წავიდა იმის წინააღმდეგ, რომ დიაკვნის ფუნქციების მხოლოდ მამაკაცებისთვის შენარჩუნების ტრადიციული პრაქტიკა ძალაში დარჩეს.
კათოლიკურ ეკლესიაში დიაკვნებად ქალების მსახურების დაშვების შესახებ გამართულ დებატებში წინსვლა კვლავ არ შეინიშნება. რომის პაპ ლეოსთვის გადაცემულ და ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელსაც „როიტერი“ ციტირებს, ნათქვამია, რომ ვატიკანის მაღალი დონის კომისიამ, რომელსაც კარდინალი ჯუზეპე პეტროკი ხელმძღვანელობდა, ამ შესაძლებლობის წინააღმდეგ მისცა ხმა. ამით დადასტურდა ეკლესიის ისტორიული პოზიცია, რომელიც მხოლოდ მამაკაცი სასულიერო პირების დომინაციაში გამოიხატება.
ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ნათლობისა და ქორწინების აღსრულება ან დაკრძალვის ჩატარება, ქალებისთვის, პრაქტიკულად, აკრძალული რჩება. ზოგიერთ ქვეყანაში, მღვდლის არყოფნის შემთხვევაში, ქალებს შეუძლიათ გარკვეული ფუნქციების შეთავსება, მაგრამ მათ მესის აღსრულების უფლება არ აქვთ.
ვატიკანის ოფიციალური გაზეთის ცნობით, კომისიამ თავისი გადაწყვეტილება ისტორიული და თეოლოგიური კვლევებით დაასაბუთა, რომელიც, მათი თქმით, „დიაკვანთა რიგებში ქალების დაშვებისკენ სვლის შესაძლებლობას გამორიცხავს“. კათოლიკური ეკლესია ამ თეზისისადმი ერთგულებას ინარჩუნებს, მაგრამ აღიარებს, რომ „საბოლოო ვერდიქტის ჩამოყალიბება“ შეუძლებელია, ისევე როგორც მღვდლად ქალის კურთხევის საკითხის შემთხვევაში. ამასთან, კომისია ამ თემებზე სიღრმისეული კვლევების გაგრძელებას უჭერს მხარს.
კენჭისყრისას, რომელიც შვიდი ხმით ერთის წინააღმდეგ დასრულდა, კარდინალმა პეტროკიმ ხაზი გაუსვა, იდეათა ჭიდილისას, ორივე მხარეს ძლიერი არგუმენტების არსებობას. ერთ მხარეს არიან ისინი, ვისაც სჯერა, რომ დიაკვანთა რიგებში ქალთა მსახურებაზე უარი „ეწინააღმდეგება ღვთის ხატად შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანაბარ ღირსებას“, მეორე მხარეს კი ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ „ქრისტეს მამაკაცური ბუნება“ მსახურების განუყოფელი ნაწილია და ტრადიციის შეცვლა „ქორწინების მნიშვნელობის დაკნინება და დარღვევა“ იქნება.
დიაკვნებად ქალთა შესაძლო დაშვების შესახებ დებატები 2016 წელს, განსვენებული პაპის, ფრანცისკეს ინიციატივით გაიხსნა. პეტროკის კომისია ერთ-ერთია იმ ორი კომისიიდან, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ყოფილმა უზენაესმა ლიდერმა საკითხის შესასწავლად შექმნა. თუმცა, პირველად ხდება, როდესაც ამ მსჯელობების შიდა დასკვნები, რომლებიც აქამდე გასაიდუმლოებული იყო, საჯარო გახდა.
