ულტრაკონსერვატორი, პინოჩეტის თაყვანისმცემელი და „მტკიცე ხელის“ მომხრე კასტი ხელისუფლებაში უსაფრთხოებისა და იმიგრაციის თემებზე აგებული დისკურსით მოვიდა.
ხოსე ანტონიო კასტი ჩილეს პრეზიდენტად კვირას, 14 დეკემბერს, მესამე მცდელობით აირჩიეს. მან ხმების 58.2 პროცენტი მიიღო და კომუნისტური პარტიის კანდიდატი, ჟანეტ ჰარა დაამარცხა, რომელმაც ხმების 41.7 პროცენტი მოაგროვა. კასტის გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ მას შემდეგ, რაც 35 წლის წინ ქვეყანაში დემოკრატია დაბრუნდა, რადიკალური მემარჯვენეების წარმომადგენელი პირველად შევა ლა-მონედას სასახლეში, ასევე ადასტურებს კონსერვატიულ შემობრუნებას ლათინური ამერიკის ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანაში.
59 წლის კასტი პროფესიით იურისტი, ცხრა შვილის მამა და ღრმად მორწმუნე კათოლიკეა. დანაშაულისა და მიგრაციის ზრდით გამოწვეული საზოგადოებრივი შეშფოთების ფონზე, კასტმა თავისი წინასაარჩევნო კამპანია კანონის დაცვისა და წესრიგის დამყარების დაპირებაზე ააგო. თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, ძალადობის დონე ჩილეში იმდენად მაღალი არ არის, როგორც ამას საზოგადოება აღიქვამს.
სანტიაგოში დაბადებულმა კასტმა ჩილეს კათოლიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა და თითქმის 30 წელია, პოლიტიკაში აქტიურად არის ჩართული. ის საკამათო ფიგურა აუგუსტო პინოჩეტის დიქტატურისადმი ღიად გამოხატული სიმპათიისა და 1988 წლის პლებისციტზე სამხედრო რეჟიმის მხარდაჭერის გამო გახდა.
პინოჩეტი ქვეყანას 1973-დან 1990 წლამდე მართავდა და მისი რეჟიმი 3 000-ზე მეტი ჩილელის სიკვდილზეა პასუხისმგებელი.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, კასტი ამომრჩეველს დაჰპირდა ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას, არალეგალური მიგრაციის კრიმინალიზაციას და ნარკოტრაფიკის ლიდერებისთვის მაღალი უსაფრთხოების, სრული იზოლაციის მქონე ციხეების მშენებლობას.
მან ასევე გააფრთხილა მიგრანტები: „ჩაალაგეთ ჩემოდნები და წადით“.
კასტი მიგრანტებს ჩილელებისთვის განკუთვნილი სახლების, საავადმყოფოს საწოლებისა და საჯარო რესურსების დაკავებაში ადანაშაულებდა და ამტკიცებდა, რომ მიგრაცია „ულტრამემარცხენეების“ შეთქმულების ნაწილია, რომელიც თავისუფლებების განადგურებას ისახავს მიზნად.
„რადიკალი მემარცხენეები გვარწმუნებდნენ, რომ საზღვრებს ვერ ჩაკეტავდნენ და ახლა ძალადობის შიშით ფანჯრებს ვერ ვაღებთ“, – ამბობდა კასტი.
სოციალურ დონეზე, ის მკვეთრად კონსერვატიულ პოზიციებს ინარჩუნებს: ეწინააღმდეგება აბორტს გაუპატიურების შემთხვევაშიც კი, ასევე გადაუდებელ კონტრაცეფციას, განქორწინებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებასა და ევთანაზიას.
თავის დროზე, მან საკუთარ ცოლს, იურისტ მარია პია ადრიასოლას, კონტრაცეპტული აბების გამოყენებაც კი აუკრძალა.
2016 წელს, კასტმა ჩილეს მთავარი კონსერვატიული პარტია დატოვა და უფრო რადიკალური „რესპუბლიკური პარტია“ დააარსა.
მკვეთრი რიტორიკის მიუხედავად, კასტის საკანონმდებლო საქმიანობა სირბილით გამოირჩევა; იგი, ძირითადად, ყურადღებას იქცევს ქანდაკებების დადგმით, მონაზვნებისთვის ჩილეს პასპორტის მიცემით და ლატარიების რეგულირებასთან დაკავშირებული კანონებით.
გერმანელი ემიგრანტების შვილმა და ათი დედმამიშვილიდან ყველაზე უმცროსმა, ძეხვეულის ბიზნესი ოჯახური მემკვიდრეობით მიიღო. არსებობს ეჭვები, რომ მამამისი ნაცისტური პარტიის წევრი იყო და მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, რასაც კასტი იძულებით გაწვევით ხსნის და ამტკიცებს, რომ მამამისს ნაცისტური იდეოლოგიის არ სწამდა.
საარჩევნო კამპანიის დროს, ის რამდენჯერმე გამოჩნდა ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა და აღიარა, რომ ფლობს იარაღს. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები მას თავშეკავებულ და ფრთხილ ლიდერად მიიჩნევენ, რომელიც შორს დგას ჟაირ ბოლსონარუს, ხავიერ მილეის და დონალდ ტრამპის ცეცხლოვანი სტილისგან.
ჩილელი ჟურნალისტი ამანდა მარტონი კასტს ახასიათებს, როგორც „თავდაჭერილს, პრაგმატულსა და მშვიდს“. თუმცა ყოფილი კოლეგები განსხვავებულ სურათს ხატავენ. „ან მასთან ხარ, ან მის წინააღმდეგ,“ – ამბობს ჟურნალისტი ლილი ზუნიგა და დასძენს, რომ კასტი „გრძნობს, რომ დიდებისთვისაა მოწოდებული“. მხარდამჭერები ხაზს უსვამენ კასტის დისციპლინას, შეუპოვრობას, შრომის ეთიკას და ამბობენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მან იცის, როგორ გახდეს პოლიტიკურად მოქნილი.
საარჩევნო კამპანიის დროს, რომელმაც მას გამარჯვება მოუტანა, კასტი მორალური დღის წესრიგის უკანა პლანზე გადაწევას ცდილობდა და უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხებზე ახდენდა ფოკუსირებას.
კასტის აღზევება ხდება ლათინურ ამერიკასა და მსოფლიოში კონსერვატორი მემარჯვენეების წინსვლის ფონზე, რისი დასტურიც არის დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევა შეერთებულ შტატებში და მსგავსი პარტიების წინსვლა ევროპაში (მაგალითად, „ჩეგა“ – პორტუგალიაში, „ვოქსი“ – ესპანეთში, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – გერმანიაში და მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ – საფრანგეთში).
წიგნის – „სირცხვილის დასასრული – როგორ გახდა რადიკალური მემარჯვენეობა ნორმა“ – ავტორი და პოლიტიკოსი, ვისენტე ვალენტიმი მიიჩნევს, რომ ულტრამემარჯვენე იდეების წარმატება დიდწილად არის „იდეოლოგიაზე პოლიტიკური სტიგმის შემცირების და არა პოლიტიკური პრეფერენციების ცვლილების შედეგი“.
ხოსე ანტონიო კასტი თანამდებობას 2026 წლის 11 მარტს დაიკავებს, როდესაც საპრეზიდენტო არშიას გადაიბარებს მოქმედი მეთაურისგან, გაბრიელ ბორიჩისგან -იმავე ოპონენტისგან, რომელთანაც ის 2021 წელს დამარცხდა.
თუმცა, ჩილეში ამომრჩეველმა ამჯერად აშკარად განსხვავებულ კურსს დაუჭირა მხარი.
