ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლებიც ბრიუსელის მიერ შემუშავებულ მე-20 პაკეტში უნდა შევიდეს. პოლონეთი უფრო მკაცრ შეზღუდვებს ითხოვს, მაშინ როცა სხვები ევროკომისიის მიერ წარდგენილი პროექტის შერბილებას ცდილობენ.
ამ პაკეტში ყველაზე საკამათოა წინადადება, რომელიც რუსული ნავთობის გადაზიდვებისთვის საზღვაო მომსახურების აკრძალვას ითვალისწინებს. ამ სანქციით უნდა ჩანაცვლდეს ამჟამად მოქმედი ფასის ზედა ზღვარი, რომელიც ბარელზე დაახლოებით 44 აშშ დოლარს შეადგენს.
ეს ნაბიჯი, რომელიც კრძალავს ევროკავშირში ბაზირებული კომპანიების მიერ რუსული ნავთობის გადამზიდი ტანკერების ტრანსპორტირებას, დაზღვევასა და ტექნიკურ მომსახურებას, ბრიუსელმა უკვე შეათანხმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან, კერძოდ- გაერთიანებულ სამეფოსთან. თუმცა, ამ თემაზე აშშ-სთან თანამშრომლობის საკითხი, ჯერჯერობით, გაურკვეველი რჩება.
საბერძნეთი და მალტა, რომლებიც რუსული ნავთობის გადაზიდვით დიდ მოგებას ნახულობენ, გეგმის წინააღმდეგნი არიან და აცხადებენ, რომ ამან, შესაძლოა, მათ ეკონომიკას ზიანი მიაყენოს. ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფუნქციიდან გამომდინარე, კვიპროსი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. მოსკოვის წინააღმდეგ ახალი ენერგეტიკული სანქციების დაწესებას უნგრეთიც ეწინააღმდეგება.
კიდევ ერთი საკამათო საკითხია ყირგიზეთში ექსპორტის აკრძალვა. მასზე კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, პირველად მოხდება, როდესაც ბრიუსელი პირდაპირ დაასანქცირებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას, შეზღუდვების გვერდის ავლაში რუსეთისთვის დახმარების გაწევის გამო. ევროკომისიის ცნობით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირიდან ყირგიზეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი 800%-ით გაიზარდა, ამ ქვეყნიდან რუსეთში რეექსპორტი კი – 1 200%-ით.
იტალიამ და უნგრეთმა, ასეთი ზომების ექსტრატერიტორიული ხასიათიდან გამომდინარე, შეშფოთება გამოთქვეს და მათი კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. საპასუხოდ, ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის არსებული წესები მესამე ქვეყნების დასანქცირების საშუალებას იძლევა, თუ ისინი სანქციებისგან თავის არიდებაში მონაწილეობენ.
თავის მხრივ, პოლონეთი, უფრო მკაცრი პაკეტის მიღებას ემხრობა და ხე-ტყის წარმომავლობის დამადასტურებელი სავალდებულო სერტიფიკატის შემოღებას ითხოვს. პოლონელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი გვერდს უვლის ხე-ტყეზე დაწესებულ სანქციებს ნედლეულის ჩინეთსა და თურქეთში ექსპორტის გზით, სადაც ის მუშავდება (მაგალითად, ფანერად) და ევროკავშირში ყალბი ეტიკეტებით შედის. ამიტომ, ვარშავა მიიჩნევს, რომ სავალდებულო სერტიფიცირების მეშვეობით უნდა მოხდეს არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის, არამედ ნედლეულის წარმომავლობის დადგენაც.
დამატებითი უთანხმოება წარმოიშვა ამიაკისა და ფოლადის შესაძლო სანქციებთან დაკავშირებითაც, რაც კიდევ უფრო ართულებს კონსენსუსის მიღწევას.
ელჩები მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში გააგრძელებენ. სანქციების პაკეტის ძალაში შესასვლელად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო.
წყარო: „პოლონეთის რადიო“
