ჩვენ უკვე ვმუშაობთ მომდევნო ანგარიშის მოსამზადებლად, მასალების წარსადგენად და კითხვარზე პასუხების გასაცემად, რათა ევროკომისიას შეფასების შესაძლებლობები ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე აპირებენ, ევროკომისიას 2025 წლის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით შენიშვნები წარუდგინონ.
„ანგარიშთან ერთად, ვაპირებთ, ევროკომისიას ასევე წარვუდგინოთ ჩვენი შენიშვნები, კომენტარები, რაც სხვადასხვა უწყების მხრიდან 2025 წლის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით გაკეთდა, რათა უპასუხოდ არ დარჩეს საკითხები, რაც უსამართლოდ იქნა შეფასებული 2025 წლის ანგარიშით. ამას საერთოდ თუ შეიძლება, შეფასება ვუწოდოთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
რაც შეეხება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრა, ბოჭორიშვილის შეფასებით, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი არ გახდება, ქვეყანას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაში ყოფნა გაუჭირდება.
„ერთადერთი საკითხი, რომელსაც შევეხები, როგორც ჩვენთვის პრობლემურ თემას ევროკომისიის შეფასების კონტექსტში, არის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრა, რომელიც ხშირად მხოლოდ ევროკავშირის განცხადებებზე მიერთების სტატისტიკით იზომება. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის, რუსეთის მიერ ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციიდან გამომდინარე, უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ გამორჩეული სიფრთხილე გვმართებს ნებისმიერი პროცესის შეფასების, მით უმეტეს კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის დროს. ვერასდროს დავუშვებთ, რომ უბრალო სტატისტიკის გაუმჯობესების სურვილით, დამატებითი საფრთხე შევუქმნათ ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი არ გახდება, ქვეყანას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაში ყოფნა გაუჭირდება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
