იუსტიციის მინისტრი შეერთებულ შტატებშია. პაატა სალია გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვა და საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ილაპარაკებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან ეკონომიკურ და სოციალურ, პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში. ასევე გაიმართება სპეციალური ღონისძიება, რომელიც გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს დაეთმობა და მასში მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატები და ექსპერტები.
„კომიტეტის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება სიტყვით მივმართოთ კომიტეტის წევრებს, გაეროს წარმომადგენლებს და ვისაუბროთ იმ რეფორმების თაობაზე, რომელიც განხორციელდა საქართველოში საჯარო ადმინისტრირების სფეროში. მათ შორის სახელმწიფო სერვისების მიწოდებისას, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენების თაობაზე. და რაც მთავარია, ვისაუბრებთ იმ ფორუმის შესახებ, რომელიც ჩატარდება თბილისში 2026 წლის 23-25 ივნისს. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ასევე გვექნება ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან და ასევე, სხვა ხელმძღვანელ პირებთან. ის გარემოება, რომ საქართველოში ტარდება საჯარო სერვისების ფორუმი, უდავო დადასტურებაა ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქეზე“, – განაცხადა პაატა სალიამ.
