აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში რეჟიმის შეცვლა საუკეთესო რამ იქნებოდა, რაც შეიძლება მომხდარიყო.
ტრამპს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, სურდა თუ არა ირანში მთავრობის შეცვლა, რაზეც აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს საუკეთესო რამ იქნებოდა.
„როგორც ჩანს, ეს საუკეთესო რამ იქნებოდა, რაც შეიძლება მომხდარიყო, – განაცხადა მან, – 47 წლის განმავლობაში ისინი საუბრობდნენ და საუბრობდნენ, ამასობაში ჩვენ ბევრი სიცოცხლე დავკარგეთ, ვიდრე ისინი საუბრობდნენ“.
მისივე თქმით, მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი USS Gerald R Ford-ი ახლო აღმოსავლეთში იგზავნება იმ შემთხვევისთვის, თუ ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები ვერ შედგება და სიტუაცია დაიძაბება.
„თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ის დაგვჭირდება. ის ძალიან მალე გავა“, – განაცხადა ტრამპმა.
13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს, ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდი გადაჰყავს.
„როიტერის“ ცნობით, USS Gerald R Ford-ს, რომლის ბორტზეც ბირთვული რეაქტორია განთავსებული, 75-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავის განთავსება შეუძლია, მათ შორის ისეთი გამანადგურებლების, როგორებიცაა F-18 Super Hornet-ი და E-2 Hawkeye, რომლებიც ადრეული გაფრთხილების სისტემით არიან აღჭურვილები.
კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ სპარსეთის ყურეში იანვრის ბოლოდან იმყოფება.
