აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ფეიკ ნიუს“ მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. პრეზიდენტის თქმით, ცნობები იმის შესახებ, თითქოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი დენ კეინი ირანთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის წინააღმდეგია, 100%-ით მცდარია.
„როგორც ყველას, მასაც არ სურს ომი, მაგრამ თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნება, მისი აზრით, ეს იქნება მარტივად მოსაგები ბრძოლა“, – განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტი კეინს აღწერს, როგორც „დიდებულ მებრძოლს“, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძლიერ არმიას წარმოადგენს. მისი თქმით, გენერალს არასოდეს უსაუბრია „შეზღუდულ დარტყმებზე“ – მან მხოლოდ გამარჯვება იცის.
„კეინი დიდებული მებრძოლია და ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერ არმიას წარმოადგენს. მას არასოდეს უთქვამს უარი, ან თუნდაც იმ ფეიკ „შეზღუდულ დარტყმებზე“, რომელთა შესახებაც ვკითხულობ; მან მხოლოდ ერთი რამ იცის – როგორ გაიმარჯვოს და, თუ მას ამას დაავალებენ, ის სათავეში ჩაუდგება პროცესს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ყველაფერი, რაც ირანთან პოტენციურ ომზე დაიწერა, არასწორად არის დაწერილი, თანაც – განზრახ. გადაწყვეტილებას მე ვიღებ. მირჩევნია, შეთანხმება გვქონდეს, ვიდრე არა, მაგრამ თუ გარიგებას ვერ მივაღწევთ, ეს იქნება ძალიან ცუდი დღე იმ ქვეყნისთვის და, სამწუხაროდ, მისი ხალხისთვის“, – დასძინა მან.
მანამდე გამოცემა AXIOS-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, გენერალი დენ კეინი პრეზიდენტ ტრამპსა და მაღალჩინოსნებს აფრთხილებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიამ შესაძლოა სერიოზული რისკები წარმოშვას – კერძოდ, ხანგრძლივ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხე.
