ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინის მთავრობის კონსულტირება დაიწყო ეკონომიკური აღდგენის საკითხებში. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independent-ი ავრცელებს.
გამოცემა განმარტავს, რომ პარასკევს მინისტრთა სტანდარტების საკითხებში დამოუკიდებელი მრჩევლის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები მოწმობს, რომ გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დაიკავა ანაზღაურების გარეშე პოზიცია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოში, რომელიც უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებზე მუშაობს.
მოსალოდნელია, რომ საკონსულტაციო საბჭო ექსპერტთა ჯგუფს გამოყოფს როგორც ზელენსკის, ასევე მისი ეკონომიკური მრჩევლის – კანადის ყოფილი ვიცე-პრემიერის, ქრისტია ფრილანდის კონსულტირებისთვის.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, სუნაკმა განაცხადა, რომ მისთვის „პატივი“ იყო უკრაინის მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას. მან შეაქო ზელენსკის ლიდერობა და უკრაინელი ხალხი იმისთვის, რომ მათ ამ ომში წინააღმდეგობის გაწევისას „ასეთი სიმამაცე, ძალა და გამჭრიახობა“ გამოიჩინეს.
