პენტაგონის მაღალჩინოსნებმა აშშ-ის კონგრესის წევრებს დახურულ კარს მიღმა განუცხადეს, რომ ირანში ომის პირველ კვირაში 11,3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ინფორმაციას The New York Times-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დასახელებულ ციფრებში არ შედიოდა ომთან დაკავშირებული სხვა ხარჯებიც, ისეთებიც, როგორიცაა ომამდე სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის შეგროვება. კანონმდებლები ფიქრობენ, რომ რეალური ხარჯები გაცილებით მეტია.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს არის ყველაზე სრულყოფილი მონაცემები, რაც მიუღია კონგრესს მას შემდეგ, რაც გაჩნდა კითხვები ირანში ოპერაციის მიზნების, მასშტაბებისა და ვადების შესახებ. მანამდე The New York Times-ი და The Washington Post-ი წერდნენ, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ომის პირველ ორ დღეში 5,6 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება დახარჯეს.
ამერიკული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დათვლით, ომის პირველ 100 საათში 3,7 მილიარდი დოლარი, ანუ დღეში 891,4 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
The New York Times-ის ინფორმაციით, ირანის დაბომბვის პირველი ტალღის დროს აშშ-მა გამოიყენა AGM-154 ტიპის ბომბები. ერთი ასეთი ბომბის ღირებულება 578 – 836 ათას დოლარს შეადგენს. სამხედრო-საზღვაო ძალებს თითქმის 3 ათასი ასეთი ბომბი აქვს, რომელიც მან დაახლოებით ოცი წლის წინ შეიძინა.
