ეროვნული გამოცდების პირველ ნაკადში აბიტურიენტების 97 % გამოცხადდა, –
ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა.
”პირველ ნაკადზე უნდა გამოცხადებულიყო დაახლოებით 9 000 აბიტურიენტზე ოდნავ მეტი და დაახლოებით 3% არ გამოცხადდა. რაც შეეხება დაგვიანებულების რაოდენობას, იმ აბიტურიენტების რაოდენობას, რომლებიც, სამწუხაროდ, არ დაიშვნენ გამოცდაზე, არის 5. აქედან დაგვიანების 2 შემთხვევა იყო თელავის საგამოცდო ცენტრში, 1 – ბათუმის საგამოცდო ცენტრში და 2 – თბილისში. გამოცდიდან მოხსნის ფაქტი არ ყოფილა. ყველაფერი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსად არანაირი, ოდნავი შეფერხება არ ყოფილა”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებში 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს. საგამოცდო პროცესი ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო. საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.