უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომის დასრულების სურვილს არ ავლენს, თუმცა აშშ-ის ხელისუფლება ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საბრძოლო მოქმედებების დასრულება სურს.
„ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან ნამდვილ სურვილს დაასრულოს ომი და ამ პოზიციას პარტნიორებს ვუზიარებთ. შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ პუტინს ომის დასრულება სურს. ჩვენი ხედვები ამ მხრივ მკვეთრად განსხვავდება“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში.
მისი განცხადებით, ხედვების განსხვავება პრობლემას არ წარმოადგენს და სავსებით ნორმალურია.
„თუმცა, მეორე მხრივ, როცა ჩვენ ომის დასრულება, აღნიშნული პროცესის დაჩქარება გვსურს, რუსეთზე ზეწოლის საკითხს ვაყენებთ. ვიცით, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს. ჩვენ მოვუწოდებთ დამატებითი ზეწოლისკენ, რათა ვაიძულოთ ის, რომ მას ეს მოუნდეს. მაგრამ აშშ-ში ფიქრობენ, რომ მას მისი დასრულება სურს და რა საჭიროა დამატებითი ზეწოლის განხორციელება, თუ რუსეთიც მშვიდობისთვის მზაობას გამოხატავს?“, – დასძინა ზელენსკიმ.
