იტალიამ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების სიცილიაში, სიგონელას საჰაერო ბაზაზე დაშვებაზე უარი განაცხადა. მედიის ცნობით, საუბარია ამერიკულ ბომბდამშენებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართებოდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაპირველად ინფორმაცია გაავრცელა იტალიურმა გაზეთმა, „კორიერე დელა სერამ“. კონფიდენციალურობის დაცვით, წყარომ მედიას განუცხადა, რომ ამ ეტაპისთვის უცნობია, როდის და რამდენი ბომბდამშენი უნდა დაშვებულიყო სიცილიაში.
„კორიერე დელა სერას“ ცნობით, იტალიამ ნებართვა არ გასცა, რადგან აშშ-ს მათთვის მოთხოვნა არ გაუგზავნია და იტალიის სამხედრო ხელმძღვანელობასთან კონსულტაცია არ ჩატარებულა, როგორც ეს ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ობიექტების გამოყენების მარეგულირებელი ხელშეკრულებებით არის გათვალისწინებული.
ამასთან, იტალიის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. იტალიის მთავრობაში კი განაცხადეს, რომ მომავალში ასეთი მოთხოვნა თუ იქნება წარდგენილი, მას პარლამენტის ნებართვა დასჭირდება.
