აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა უნგრეთში ვიზიტისას უცხოური გავლენისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის საკითხებზე ისაუბრა. მან მკაცრად დაგმო საერთაშორისო აქტორების მხრიდან უნგრელი ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები.
„ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, რომ ვიქტორ ორბანი კარგ საქმეს აკეთებს და მშვიდობის დამყარებაში ეხმარება, უცხოურ გავლენად ითვლება, მაგრამ უცხოურ გავლენად არ მიიჩნევა ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის დაფინანსების შეწყვეტა საზღვრების დაცვის გამო. ასევე არ ითვლება უცხოურ გავლენად უკრაინის მიერ გაზსადენების გადაკეტვა, რაც უნგრელი ხალხის ტანჯვას იწვევს, რათა გავლენა მოახდინონ არჩევნებზე.
უცხოური გავლენაა, როდესაც სხვა ქვეყნების მთავრობები გაშინებენ, გაიძულებენ და ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებენ, რათა გიკარნახონ, როგორ მისცეთ ხმა. ეს თქვენს სუვერენიტეტზე თავდასხმაა.
ამერიკას დიდი ეკონომიკური და სამხედრო ძალა აქვს, მაგრამ ჩვენ არასოდეს დაგვიშინებია უნგრეთი, რომ თუ ვიქტორ ორბანს არ აირჩევდით, დაფინანსებას შეგიწყვეტდით. ჩვენ პატივს ვცემთ უნგრელ ხალხს და მათ სუვერენიტეტს.
ის ფაქტი, რომ ამდენი უცხოური აქტორი – იქნებიან ეს ტრანსნაციონალური ორგანიზაციები, როგორიცაა ბრიუსელის ბიუროკრატია, თუ უცხოური მთავრობები – პირდაპირ ემუქრება უნგრელ ხალხს: „მიეცით ხმა ასე, თორემ შურს ვიძიებთ“, ძალიან უნდა გაბრაზებდეთ. თქვენ ამის წინააღმდეგ უნდა მისცეთ ხმა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ქვეყანაში სუვერენულები ხართ.
ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი გუშინ იყო, როდესაც პარლამენტში წმინდა სტეფანეს გვირგვინი ვნახეთ. რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს ამის სიმბოლიზმი, რადგან ის დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი, თუ არა ყველაზე ძველი შემორჩენილი გვირგვინია. ის საპარლამენტო შენობის ცენტრშია მოთავსებული. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ სუვერენიტეტი უნგრელ ხალხს ეკუთვნის; უნგრეთში ხალხია სუვერენული.
მაგრამ იმისთვის, რომ ეს სიმართლე იყოს, უნგრელმა ხალხმა უარი უნდა თქვას უცხოური გავლენის ამ ოპერაციებზე, ხმა მისცეს იმას, ვინც თავად სურთ ლიდერად და უარყონ ბრიუსელის ბიუროკრატები“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
