„პრაიმტაიმის“ რედაქციაში წერილი გამოგვიგზავნა მოქალაქე მიხეილ ტყებუჩავამ, რომელიც ბათუმში უსახლკარო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. ის და მისი მეგობრები კახაბერის დასახლებაში (ბათუმი, სხალთის ჩიხი #5) „სიკეთის სახლის“ მშენებლობას აწარმოებენ, სადაც აჭარაში მცხოვრები ოცამდე ოჯახი დასახლდება. საუბარია ისეთ ოჯახებზე, რომლებსაც მინიმუმ ერთი წევრი ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არ გააჩნიათ სახლ-კარი. პროექტის მიხედვით, იქვე განთავსდება სარეაბილიტაციო ცენტრი, სახელოსნო, უფასო სასადილო და სხვ. მოკლედ, ჩანაფიქრი უდავოდ კეთილშობილურია, თუმცა ეს პროექტი ერთხელ უკვე ჩაიშალა, რისი მიზეზიც, მიხეილ ტყებუჩავას თქმით, ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე გახდა.
ჩვენთვის გამოგზავნილი წერილით ირკვევა, რომ „სიკეთის სახლის“ მშენებლობა მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ჩაქვის სასულიერო გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მოულოდნელად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა ლოცვაც უკან წაიღო და კურთხევაც. პროექტის ავტორებს მშენებლობის დაუყოვნებლივ გაჩერება მოსთხოვა, სასულიერო გიმნაზიის მაშინდელი დირექტორი მამა არჩილი კი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილას დეკანოზი გიორგი მამალაძე დანიშნა.
„რამდენიმე წლის წინათ სამ ადამიანთან ერთად მივედი მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში ბათუმში, ერთი კეთილშობილური იდეით. ხელოვან მეგობრებთან ერთად, ახალი დაწყებული მქონდა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი – ერთად ავაშენოთ კეთილსოფელი, რომელსაც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საუკუნის მნიშვნელოვანი წამოწყება უწოდა და მისი ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ. პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ყველა კუთხეში უნდა აშენდეს პატარ-პატარა კეთილსოფლები, სადაც უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები დასახლდებიან. იქვე იქნება სარეაბილიტაციო ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, სახელოსნოები, სადაც ისინი შეძლებენ დასაქმებას და სრულ ინტეგრირებას საზოგადოებაში. ამ მიზნით მეუფე დიმიტრის ვთხოვე, ჩაქვში გიმნაზიის ტერიტორიაზე გამოეყო პატარა კუთხე და მოეცა კურთხევა სახლების ასაშენებლად, სადაც დასახლდებოდა აჭარაში მცხოვრები ათამდე ოჯახი, ვისაც ერთი წევრი ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არა აქვს სახლ-კარი. მეუფეს, ასევე, ვუთხარი, რომ გიმნაზიაში გავაკეთებდით ადაპტირებულ ლიფტს, რითიც ისარგებლებდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, გავაკეთებდით პანდუსებს და გიმნაზიაში შეძლებდნენ ადვილად გადაადგილებას. მეუფემ კითხვა დამისვა, ზუსტად რა ადგილას ვაპირებდით აშენებას. მე ვუთხარი, სადაც სკოლა-გიმნაზია დგას, მარჯვენა მხარეს პატარა ადგილია და იქ ვფიქრობთ-მეთქი. იქ, რამდენადაც ვიცი, მამა არჩილი ეკლესიას აშენებსო, – მითხრა მეუფემ. ეკლესიას მოპირდაპირე მხარეს აშენებს-მეთქი, ვუპასუხე. მალე დავიწყებდით ეკლესიის მშენებლობასაც და ყველანაირად მივეხმარებოდით მამა არჩილს, თუ კურთხევას მეუფე დიმიტრი მოგვცემდა, რომ მთლიანად იმ ტერიტორიისთვის კეთილსოფელი დაგვერქმია, რადგან ავუხსენი, რომ ის სათნო გარემო, რომელიც ჩაქვში გიმნაზიის ტერიტორიაზე იყო, ზუსტად ეხმიანებოდა ჩვენს კეთილ წამოწყებას. იქვე იყო სცენა, სადაც უამრავი ღონისძიება დაიგეგმებოდა გაჭირვებულთა დასახმარებლად და ერთსულოვნების გამოსახატავად. ეს იქნებოდა ადგილი, სადაც ყველა ბედნიერებას იგრძნობდა, ერიც და ბერიც. მოკლედ, მოგვცა კურთხევა და ჩვენც ბედნიერები გამოვედით მისი რეზიდენციიდან იმ იმედით, რომ მალე უამრავი ადამიანი გაიხარებს. გვერდში დაგვიდგა მთელი საქართველო – მომღერლები, მოცეკვავეები, პოეტები, მხატვრები, მუშები, ხელოსნები, დიდი თუ პატარა, ნაცნობი თუ უცნობი, ყველა ერთი მიზნის გარშემო გავერთიანდით. ჩატარდა არაერთი საქველმოქმედო კონცერტი პირდაპირი ეთერებით, საიდანაც შემოსული თითო ზარი თითო აგური იყო მშენებლობის მალე დასრულების საქმეში. ყველა კონცერტზე დაპატიჟებული იყო მეუფე დიმიტრიც ოჯახთან ერთად“, – ვკითხულობთ მიხეილ ტყებუჩავას წერილში.
მიხეილ ტყებუჩავა წერილში დეტალურად იხსენებს პირველ სატელეფონო ზარს, როდესაც მას მშენებლობის დაუყოვნებლივ გაჩერება მოსთხოვეს. მეუფე დიმიტრის ამ ტერიტორიაზე სხვა გეგმები აღმოაჩნდა.
„2013 წლის ნოემბერში ჩავატარეთ მორიგი საქველმოქმედო კონცერტი ბათუმში ბენზეს ოპერის თეატრში, რის შედეგადაც ახალ წლამდე ხუთ ოჯახს დავაბინავებდით, რადგან უკვე ბლოკების ამოშენება გვქონდა დაწყებული და მშენებლობაც შეუჩერებლად მიდიოდა… წარმოიდგინეთ – უსახლკარო ოჯახები ახალ წელს ახალ სახლებს ელოდებიან, ასევე, მთელი ერი მათი სიხარულის მოლოდინშია და ამ დროს გაისმის ზარი ტელეფონზე. მირეკავს მამა არჩილი (რომელსაც სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია მთელი ცხოვრება და აქტიურად გვედგა მხარში) და მეუბნება, – მიშო, სასწრაფოდ გადაურეკე მეუფესო. ვურეკავ მეუფე დიმიტრის და ტელეფონში მეუბნება: სასწრაფოდ გააჩერეთ მშენებლობაო. რას ამბობთ, მეუფევ, ერთ თვეში ოჯახები ბინავდებიან, ყველა უდიდეს მოლოდინშია, ხალხის თითო მოტანილი აგურით და წვალებით მივედით ფინალამდე და როგორ უნდა გავაჩეროთ ამხელა საქმე-მეთქი. – მე მეგონა, გვერდზე აშენებდით, ეგ ადგილი საპატრიარქოს მიწაა და სხვა მიზნები მაქვსო. გიმნაზია უნდა განვითარდეს და მანდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკარმიდამო ადგილი არ არისო. მეორე დღეს მეუფე დიმიტრის რეზიდენციიდან გაოგნებულები გამოვედით. თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის უსუსურ როლში მეგონა.
მეუფე დიმიტრიმ ისტორიული მშენებლობა გააჩერა. სიკეთისა და სიყვარულის ადამიანი მამა არჩილი ჩაქვის გიმნაზიის დირექტორობიდან მოხსნა და მის ადგილას დანიშნა თავისი ერთგული მორჩილი მონა ღვთისა – მამა გიორგი მამალაძე. მუშების ფულიც ჩვენ გადაგვახდევინეს, რასაც შემდგომ ორი წელი ნელ-ნელა ვიხდიდით და აშენებულიც დაიტოვეს“, – ყვება წერილის ავტორი.
პრობლემები ამით არ ამოწურულა… როგორც მიხეილ ტყებუჩავა ყვება, მან პროექტის სხვა ადგილზე განხორციელება გადაწყვიტა, თუმცა გიმნაზიის ახლად დანიშნული დირექტორი, მამა გიორგი მამალაძე მას დიდი ხნის განმავლობაში კუთვნილ სამშენებლო მასალებს არ უბრუნებდა.
„სრულ გაურკვევლობაში მყოფი და იმედგაცრუებული წამოვედი თბილისში, თუმცა უკან დახევაც აჭარლების წინაშე დიდ ცოდვად ჩავთვალე და მალევე უკან დავბრუნდი ახალი მშენებლობის დაწყების იმედით და რწმენით ახალ მიწაზე. ვიყიდეთ მიწა, სადაც უკვე ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა უნდა დაგვეწყო და უკვე ოცი ოჯახი უნდა დაბინავდეს უკიდურესად გაჭირვებულები. მივდივართ ჩაქვში, სადაც წვალებით მიტანილი ჩვენი მასალები აწყვია – ბლოკები, ცემენტი, ქვიშა-ღორღი, ბალკები-ფიცრები, დასხმის ლამინატები და კომპანია „გუმბათისგან“ ნათხოვარი 40 ცალი დგარი. შევდივართ ჩაქვში, გიმნაზიის ეზოში და მამა გიორგი მამალაძე მკაცრი ხმით გვეუბნება, – აქედან ვერაფერს ვერ წაიღებთ, გარდა ბლოკებისაო. რას ამბობთ, მამა გიორგი, – მე ვუთხარი, – ჩვენ უკვე ახალ მშენებლობას ვიწყებთ და ყველაფერი იმ გაჭირვებული ხალხის არის, ვისთვისაც ვაშენებთ და ჩვენი მოტანილია ეს ყველაფერი-თქო. გიმნაზიის ტერიტორიაზე რაც არის, აქ დარჩება, – მეუბნება ის, გარდა ბლოკებისა. ბლოკები შეგიძლიათ, წაიღოთ. – მამა გიორგი, საბუთებით გვაქვს ყველაფერი მოტანილი და როგორ არ გვატანთ, – ვუთხარი მე. საბუთები რომ გაიგო, ჩაფიქრდა. ეტყობა, ეგონა, შემოწირულობებით რადგან არის, საბუთები არ ექნებათო. ამის შემდეგ დაბნეული ამბობს: მე მეუფემ მითხრა, ბლოკები გაატანე მარტოო და კურთხევას ვასრულებო. ახლავე დავურეკავ-მეთქი მეუფეს. ჯერ მე დავურეკავო და ცოტა ხანში დარეკეო, უცებ მიპასუხა მამალაძემ. წამოვედით გულგატეხილები ჩაქვიდან და ნახევარ საათში ვურეკავ მეუფე დიმიტრის. – მეუფევ, დამლოცეთ. ღმერთმა დაგლოცოსო, მითხრა მშვიდი ხმით. – მეუფევ, მამა გიორგი მასალებს არ გვატანს ჩაქვიდან, ჩვენ უკვე ახალ მშენებლობას ვიწყებთ ფონდის მიერ შეძენილ ახალ მიწაზე და ის მასალები, რაც წვალებით მოვიპოვეთ და რაც გაჭირვებულ ოჯახებს ეკუთვნით, სასწრაფოდ გვჭირდება, – ვუთხარი მე. მამა გიორგიმ მითხრა, მარტო ბლოკები უნდა წაიღოთო, ასეთი კურთხევა მაქვს მეუფისგანო და რა ხდება, მეუფევ, იქნებ ამიხსნათ-მეთქი. – მე მას ვუთხარი, რაც მათია, გაატანე- თქო, – მიპასუხა მეუფე დიმიტრიმ მოკლედ და ჩვეული სიმშვიდით. ამის მერე ვურეკავ მამა გიორგის და ვეუბნები მეუფის ნათქვამს, რომ რაც ფონდის მიერ გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად არის მონაპოვარი, შეგვიძლია წავიღოთ-თქო. მამალაძე კი ისევ აგრესიული ტონით მეუბნება, – არ ვიცი, გავარკვევ და დაგირეკავო, მე მეუფის კურთხევის გარეშე ვერაფერს ვიზამო. ცოტა ხანში მირეკავს და მეუბნება, რის საბუთსაც მოიტან, წაიღეთო. შევკრიბეთ ყველა საბუთი, რაც ადასტურებდა, რომ მასალები ნამდვილად ფონდ კეთილსოფლის საკუთრება იყო და მივიტანეთ. მამა გიორგი უკვე თავის დირექტორის კაბინეტში კოხტად თმებდავარცხნილი, ჩვეული ამპარტავნული სახით გვხვდება. აგერაა საბუთები, მამაო, და იმედია, ახლა მაინც შევძლებთ მასალების წაღებას, რადგან ფერხდება ჩვენი ახალი მშენებლობა-მეთქი. დახედა საბუთებს და მპასუხობს: ბუღალტერს უნდა ვანახო ეს საბუთები, რამდენიმე დღეში დაგირეკავო. ისევ გამოვბრუნდით უშედეგოდ, თუმცა მანქანები მზადყოფნაში იყვნენ, რათა ჩაგვეტვირთა და წამოგვეღო ის მასალები, რაც ახალ მიწაზე სიკეთის სახლის მშენებლობისთვის გვჭირდებოდა. რამდენიმე დღე გავიდა და არავინ არ რეკავს. ვურეკავ ისევ მე და ვეკითხები: მამაო, რა ხდება ჩვენს მასალებზე, შეგვიძლია, წავიღოთ? ჯერ საბუთებისთვის ვერ მოვიცალეთ და ერთ კვირაში შეგატყობინებთ პასუხსო, გაღიზიანებული ხმით მპასუხობს. – მამაო, გვიჩერდება მშენებლობა და ახლავე უნდა წავიღოთ, მე ვუთხარი. მანქანებიც მზად არის. სანამ მე არ გეტყვი, ვერაფერს ვერ წაიღებთ, მოხვალთ და პოლიციაში დავრეკავო. შენ ამ თემაზე აღარ დამირეკოო, მითხრა ყვირილით და გამითიშა ტელეფონი. სამ-ოთხ დღეში ჩემი პარტნიორი ქალბატონი მანანა ურეკავს, რომ გავიგოთ მასალების ამბავი და ეუბნება მამალაძე: შეგიძლიათ, წაიღოთ, ოღონდ ბარბარეს ეკლესიისთვის, რომლის წინამძღვარიც თვითონ იყო, მჭირდება დგარები 40 ცალიო, რომელიც ხელშეკრულებით გვქონდა ნათხოვარი სამშენებლო კომპანია „გუმბათისგან“. მივედით დიდი ტრაილერით მე და ქალბატონი მანანა და ჩვენი ხელით, ორ მუშასთან ერთად ვტვირთავთ ტრაილერს – ფიცრები, ცემენტი, ბლოკები და ა.შ. ამ დროს გვიახლოვდება სალონში თმებდავარცხნილი, გაწკრიალებული გიორგი მამალაძე და გვეუბნება ოფლში გაწურულ უბრალო მოკვდავებს, რომლებსაც უზარმაზარი ტრაილერი თითქმის ავსებული გვქონდა. თქვენც მუშაობთ, ქალბატონო მანანა? – რა ვქნა, მამაო, ცოდვებს ვინანიებ და ვშრომობ მეც გაჭირვებულთა დასახმარებლადო. უპასუხა მანანამ. – ეხ, ცოდვები რომ ეგრე ინანიებოდეს, ყველანი უცოდველნი ვიქნებოდითო, ამბობს მამა გიორგი ცინიკური ღიმილით. მე და მანანამ გადავხედეთ ერთმანეთს ოფლიანი სახეებით და გავაგრძელეთ ტრაილერის დატვირთვა. – დგარები უნდა დამიტოვოთ ცოტა ხნით, ბარბარეს ეკლესია მაქვს სარესტავრაციო და იქ მჭირდებაო. მამაო, კომპანია „გუმბათმა“ გვათხოვა ეგ დგარები და უნდა დავუბრუნოთ, თან უკვე სჭირდებათ-მეთქი ვუპასუხე. – „გუმბათს“ მე დავურეკავ და ვეტყვიო. მოკლედ, კომპანია „გუმბათთან“ მთელი დავიდარაბის შემდეგ და მამალაძის დაჟინებული მოთხოვნით, დგარები გადაიტანა ბარბარეს სახელობის ეკლესიის სარესტავრაციოდ, სადაც რამდენიმე თვე გაჩერდა და მადლიანი საქმეც გაკეთდა, თუმცა 40 დგარიდან მხოლოდ 26 ცალი დაუბრუნდა კომპანია „გუმბათს“. 14 ცალი სადღაც გაუჩინარდა. ჩვენმა „ქველმოქმედმა“ და „სიკეთით“ სავსე მამა გიორგიმ კი თავისი უხეში დიპლომატიით პასუხისმგებლობა ისევ აირიდა. „გუმბათთან“ უხერხულობაში კი ისევ ჩვენ აღმოვჩნდით.
მამა გიორგი მამალაძეს 50 მილიონი ქველმოქმედებისთვის სჭირდებოდა და ჩვენს საქველმოქმედო ფონდს მასალებს არ ატანდა „სიკეთის სახლის“ მშენებლობისთვის, რომელიც ამჟამად შენდება კახაბრის დასახლებაში“, – ყვება მიხეილ ტყებუჩავა.
ახალი მშენებლობის პროცესში მან რამდენჯერმე დაურეკა მეუფე დიმიტრის და შეხვედრა სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. ტყებუჩავას თქმით, ჩაქვის გიმნაზიის ტერიტორიაზე დაწყებული სამშენებლო სამუშაოებზე აუდიტი ჩატარდა და ხარჯებმა 100 ათას ლარს გადააჭარბა. გამოდის, რომ სწორედ ამ თანხით აზარალა საქველმოქმედო ფონდი დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით.
„მეუფეს ვთხოვე, თუ რაიმე შეეძლო, გვერდში დაგვდგომოდა „სიკეთის სახლის“ მშენებლობაში, თუმცა ამაოდ. არ შეხვედრის მიზეზი საქმეები და მოუცლელობა იყო. ჩაქვში აუდიტიც გავაკეთეთ და მშენებლობის ხარჯებმა 101 ათასი ლარი შეადგინა, სადაც უნდა დასახლებულიყო ათი ოჯახი. მშენებლობა სამი წლის წინათ ჩაქვში როგორც გააჩერეს, ისეა დღემდე.
მეუფე დიმიტრის ყველაზე ერთგული მორჩილი მამა გიორგი მამალაძე დღეს ციხეშია. ის მეუფე დიმიტრის მართლაც უერთგულესი შვილი იყო, ვისაც ბოლომდე ენდობა მეუფე. მე რაც ჩემს თავზე გამოვიარე, მამალაძე მეუფის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა და ყველაფერს მასთან შეთანხმებით აკეთებდა. ყოველ წუთში მეუფეს ურეკავდა და კურთხევას სთხოვდა ძირითადად „სიკეთეების“ საკეთებლად, თუმცა მაშინვე ვთქვი, ღმერთი ყველაფერს ხედავს და სასჯელს მოუვლენდა უსაზღვრო ძალაუფლების მოყვარულ უსამართლო სამეფოს… ღმერთია მოწამე, ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ… ფაქტი სახეზეა. არც არავის მიმართ ბოღმა არ მაქვს, უბრალოდ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ სიმართლე უნდა ითქვას“, – წერს მიხეილ ტყებუჩავა.
„პრაიმტაიმი“ წერილში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით მეუფე დიმიტრის დაუკავშირდა, თუმცა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა ჩვენს რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
www.primetime.ge