ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრა მქონდა ჩემს ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სიბიგა წერს, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას.
„გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო განვითარების ფართო სპექტრზე. ასევე განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას. შევთანხმდით, რომ მომავალშიც ვიქნებით კონტაქტზე“, – წერს სიბიგა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს.
