დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლება და ძალიან მნიშვნელოვანია აღსრულდეს ნება ღვთისა, – განაცხადა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ გიორგობის დღესასწაულზე ხონის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
მისივე თქმით, „ადამიანები ვართ და ხანდახან გვაქვს სუბიექტური დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ, მოვლენების მიმართ, თუმცა ხანდახან ამ სუბიექტურს უნდა მოვერიოთ“.
„კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გიორგობა. შემთხვევით არ აღვნიშნე წმინდა გიორგი, პატრიარქი. ძალიან მალე, დაახლოებით ერთ კვირაში, მაქსიმუმ ათ დღეში საქართველოს ეყოლება ახალი, ღვთის მადლით, კათოლიკოს-პატრიარქი. ძალიან მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა, უპირობოდ, ვინ როგორც არ უნდა ჩათვალოს ჩემი ნათქვამი, აღსრულდეს ნება ღვთისა და თითოეული ჩვენგანი ამისთვის უნდა იღვწოდეს. ამისთვის უნდა ლოცულობდეს. ჩვენ ადამიანები ვართ და ხანდახან გვაქვს სუბიექტური დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ, მოვლენების მიმართ, თუმცა ხანდახან ამ სუბიექტურს უნდა მოვერიოთ, მასზე მაღლა უნდა დავდგეთ როდესაც საქმე ეხება ღვთის ნებას. იმედი მაქვს, რომ ღვთის ნება აღსრულდება“, – განაცხადა მან.
