იმედი მაქვს, ის ხარვეზი, რაც შარშან დაუშვა ევროკავშირის საელჩომ, წელს გამოსწორდება – 9 მაისს საქართველო აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს მონტენეგროში განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დაფასდეს ქართველების წვლილი ევროპის მშვიდობიან აწმყოში.
„ჩვენ შარშან ვიხილეთ და შარშანაც მქონდა ამაზე გამოხმაურება. 9 მაისს ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღე, ერთხელაც არ ახსენა ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ერთხელაც არ ახსენა ომში 300 ათასი დაღუპული ქართველის წვლილი იმაში, რომ დღეს საერთოდ აქვთ შესაძლებლობა, ცხოვრობდნენ ორგანიზაციაში, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი. რომ არა სამამულო ომში მებრძოლი ასობით ათასი ქართველი, რომ არა 300 ათასი ქართველი, არანაირი ევროკავშირი და არანაირი ევროპის დღე არ იარსებებდა. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დაფასდეს ქართველების წვლილი ევროპის მშვიდობიან აწმყოში. იმედი მაქვს, ის ხარვეზი, რაც შარშან დაუშვა ევროკავშირის საელჩომ, წელს გამოსწორდება – 9 მაისს საქართველო აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ვიმედოვნებ, უცხო ქვეყნის ელჩები და საქართველოს სტუმრები პატივს სცემენ იმ ქვეყანას, სადაც იმყოფებიან, იმ დღესასწაულებს, რომელსაც მასპინძელი ქვეყანა აღნიშნავს და 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, სათანადო პატივს მიაგებენ ხვალ მათ შეკრებაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
