თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
“დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შევამკეთ და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მივაგეთ.
ეს არის დღე, როდესაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძიმე და სისხლიან ომში მსოფლიომ შეძლო დაემარცხებინა ფაშიზმის სახით გამოვლენილი უდიდესი ბოროტება და მისგან დაეცვა მომავალი თაობები. 9 მაისი ეს არის გმირობისა და თავგანწირვის გახსენების დღე.
ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანია ქართველი მებრძოლების წვლილი. საქართველომ ამ ომში უდიდესი ადამიანური მსხვერპლი გაიღო, რაც ჩვენი ხალხის ისტორიულ მეხსიერებაში დღემდე მტკივნეულად აისახება. უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს ვეტერანებს და მუდამ გვემახსოვრება მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირი მეომრები”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
