ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მინდაუგას სინკევიჩიუსი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობა ბელარუსის მიმართ ახალ სტრატეგიაზე უნდა შეთანხმდნენ. მან ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ მინსკთან დიალოგის დაწყება შესაძლებელი გახდება, თუ ამის ინიციატორი ამერიკის შეერთებული შტატები იქნება. სინკევიჩიუსის ასეთმა რადიკალურმა, თუმცა ფრთხილმა მიდგომამ ლიეტუვის უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის განცხადებებმა გააღიზიანა როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი ამტკიცებენ, რომ ლიეტუვის მიმართ ბელარუსის დამოკიდებულებაში არანაირი არსებითი ცვლილება არ მომხდარა, რაც შეიძლებოდა ვილნიუსსა და მინსკს შორის ურთიერთობების შერბილების წინაპირობა გამხდარიყო.
ეს დებატები მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც ლიეტუვის ხელისუფლება კვლავ ადანაშაულებს ბელარუსს ჰიბრიდული თავდასხმების ორგანიზებაში, რაც არალეგალურ მიგრაციას უწყობს ხელს და კონტრაბანდისტების მიერ საჰაერო ბუშტების გამოყენების გზით, ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეფერხებებს იწვევს.

ლიეტუველმა მესაზღვრეებმა, ცოტა ხნის წინ, დააკავეს 18 მიგრანტი, რომლებიც ქვეყანაში ბელარუსიდან ლიეტუვის ვარენას რაიონში გაყვანილი გვირაბის საშუალებით შევიდნენ. მიგრანტები ბელარუსში დააბრუნეს. ოფიციალური პირების განცხადებით, „ნაკლებად სავარაუდოა“, რომ მსგავსი გვირაბები ბელარუსის ხელისუფლების თანხმობის გარეშე გათხრილიყო.
არსებული დაძაბულობის მიუხედავად, სინკევიჩიუსი ირწმუნება, რომ მარტში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კოულის მინსკში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, მან ლიეტუვა-ბელარუსის ურთიერთობებში ცვლილებების ნიშნები შენიშნა.
„გარკვეული ცვლილებები მოხდა მას შემდეგ, რაც სპეციალური წარმომადგენელი ჯონ კოული ბელარუსს ეწვია“, – განაცხადა სინკევიჩიუსმა, ბელარუსში დაკავებული ლიეტუვური სატრანსპორტო საშუალებებისა და საჰაერო ბუშტების ინციდენტების საკითხებზე საუბრისას.

„მე ვემხრობი იდეას, რომ საგარეო პოლიტიკა დიპლომატიისა და დიალოგისგან განუყოფელია“, – დასძინა მან.
სინკევიჩიუსის თქმით, ვილნიუსსა და მინსკს შორის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს, თუ ამას ვაშინგტონი წაახალისებს.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მმართველი პარტიის ლიდერია, საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში სინკევიჩიუსი თავად უშუალოდ არ მონაწილეობს.
პარალელურად, ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ უარყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბელარუსთან ურთიერთობები უმჯობესდება.
„მე ვერ ვხედავ ვერანაირ პოზიტიურ ცვლილებას – ვერც საჰაერო ბუშტებთან დაკავშირებით, ვერც უკანონო მიგრაციასთან და ვერც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ბელარუსის მონაწილეობის კუთხით“, – განაცხადა ნაუსედამ.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კოულმა მოუწოდა ლიეტუვას, მინისტრის მოადგილეების დონეზე, გამართოს მოლაპარაკებები ბელარუსთან სასუქების ტრანზიტის მარშრუტების აღდგენის თაობაზე. პარალელურად კი, ევროკავშირმა თებერვალში კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ.
ნაუსედას თქმით, სანქციების შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინიენეს მიერ ადრე გაკეთებული განცხადების თანახმად, მინსკთან ტექნიკურ დონეზე შეხვედრა შესაძლებელი იქნებოდა, თუ ბელარუსი შეწყვეტდა საჰაერო ბუშტების ინციდენტების წახალისებას და არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობას, ასევე ყოველგვარი დამატებითი ბრალდებების გარეშე გაათავისუფლებდა ბელარუსში დაკავებულ ლიეტუვურ სატვირთო მანქანებს. თუმცა, სინკევიჩიუსის ინიციატივის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე მან უარი თქვა.
„ესაუბრეთ ბუდრისს, ის ყველაფერს აგიხსნათ. ამ დროისთვის მე მეტის თქმა არ მსურს“, – საგარეო საქმეთა მინისტრ კესტუტის ბუდრისთან გადაამისამართა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტები.

ბუდრისის თქმით კი, ლიეტუვის პრობლემები ბელარუსთან უფრო იზრდება, ვიდრე მცირდება.
„ყოველივე ზემოთ თქმულს ასევე ემატება ასტრავეცის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების საკითხი, რომელიც გადაუჭრელი რჩება. ისინი გეგმავენ მესამე რეაქტორის აშენებას, ასევე სურთ, ჩვენს საზღვართან ახლოს ატომური ნარჩენების საცავის აშენება“, – განაცხადა ბუდრისმა.
„მე ვერ ვხედავ ურთიერთობების დათბობის მიზეზს, როდესაც ამდენი პრობლემების წინაშე ვდგავართ“, – დასძინა მან.
მინსკთან დიალოგის მიმართ სინკევიჩიუსის დამოკიდებულება ოპოზიციამაც გააკრიტიკა.
„ბელარუსში ვინმესთან შესახვედრად რომ წახვიდეთ, ვის უნდა შეხვდეთ? სად უნდა მოძებნოთ დამოუკიდებელი სუვერენული ბელარუსის წარმომადგენელი?“ – იკითხა კონსერვატორმა პარლამენტარმა, საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა. „ის იქნება პუტინის თოჯინა, რომელიც პუტინის ხმით ლაპარაკობს. თუ მინდაუგასს პუტინთან საუბარი სურს, მაშინ ის ლიეტუვას აღარ წარმოადგენს“, – აღნიშნა მან.
კოული უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ეწვევა როგორც ბელარუსს, ისე ლიეტუვას. გასულ კვირას სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ იმედოვნებს, სანქციების შესაძლო შემსუბუქების სანაცვლოდ, დამატებით სხვა პოლიტპატიმრებიც გათავისუფლდებიან.
https://www.lrt.lt/en/news-in-english/19/2925358/lithuanian-leaders-clash-over-possible-dialogue-with-belarus
