უკვე მეხუთე წელია, უკრაინა რუსეთის მასშტაბურ შემოტევას წინააღმდეგობას უწევს. კიევი აცხადებს, რომ უკრაინის არმიას ნებაყოფლობით სულ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი ბარდება. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ მათგანს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურიც კი სურს.
ისინი 15 წლის იყვნენ, როდესაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რამდენიმე წლის შემდეგ კი უკვე დამპყრობელი არმიის მხარეს იბრძოდნენ. „ჩემს მიერ მოკლული პირველი ათი კაცის გამო, თავიდან გული მტკიოდა – ბოლოს და ბოლოს, მათაც ხომ ჰყავდათ დედ-მამა. თუმცა, მოგვიანებით, სინდისის ქენჯნას უკვე აღარ ვგრძნობდი“, – ამბობს ყოფილი რუსი ჯარისკაცი, არტიომი.
რუსი ჯარისკაცების ნაწილი ნებაყოფლობით ჩაბარდა უკრაინის არმიას, რადგან მის მხარეს ბრძოლა გადაწყვიტეს. ახლა ისინი, რუსეთიდან ჩამოსულ სამოქალაქო პირებთან ერთად, სამხედრო მომზადებას გადიან. „უკრაინის მხარეს გადასვლის გეგმა მქონდა. დრონით რაცია და უკრაინული ფორმა ჩამომიგდეს. რაციისა და უკრაინელების კოორდინატების წყალობით, მათთან მიღწევა შევძელი“, – ასე აღწერს არტიომი თავისი დეზერტირობას.
19 წლის ევგენი ამბობს, რომ უკრაინის დამცველებთან კონტაქტი დიდი ხნის წინათ დაამყარა. ფრონტზე თავისი პოზიციიდან გასაქცევად, მან ორ რუს ჯარისკაცს ესროლა და მოკლა. „16 წლის ასაკში მივხვდი, რომ რაღაც კონკრეტული უნდა გამეკეთებინა. სწორედ მაშინ დავიწყე ინფორმაციის მიწოდება უკრაინული მხარისთვის რუსი ჯარისკაცებისა და ტექნიკის ადგილსამყოფელის, ასევე სამხედრო აღჭურვილობის შესახებ“, – აღნიშნა ევგენიმ.
რუსების დასატყვევებლად საჰაერო და სახმელეთო დრონები გამოიყენება
უკრაინელი სამხედროები დრონებს, რუსი ჯარისკაცების დასატყვევებლად, მხოლოდ ბრძოლაში და ლოჯისტიკაში როდი იყენებენ. ჩვეულებრივ უპილოტო საფრენ აპარატებს გასული წლის განმავლობაში სახმელეთო დრონებიც დაემატა. გარდა ამისა, უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევმა, ქვეითების მონაწილეობის გარეშე და მხოლოდ დრონების გამოყენებით, რუსული პოზიციები დაიკავა.
„ყველაზე სახიფათო ზონებში, ჯარისკაცის ნაცვლად, რობოტი შევიდა. ეს არის მაღალი ტექნოლოგია ყველაზე ძვირფასის – ადამიანის სიცოცხლის დასაცავად“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
