უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სულ უფრო მზარდი გამოწვევების წინაშე დგას. ინტერნეტის გათიშვამ, რომელიც უკრაინული დრონების თავდასხმების აღსაკვეთად არის გამიზნული, მრავალი რუსი გააღიზიანა; ეკონომიკა რეცესიას განიცდის, ხოლო რუსული არმია, პირველად 2023 წლის შემდეგ, უკრაინაში პოზიციებს კარგავს. დამოუკიდებელი კვლევების თანახმად, 73 წლის რუსი ლიდერის პოპულარობა შემცირდა: გასულ თვეში მისი მხარდაჭერის რეიტინგი 2022 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, ეს გამოწვევები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი „კაგებე“-ს ყოფილი აგენტის დასამხობად, რომელმაც საუკუნის მეოთხედზე მეტი საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებასა და ოპოზიციის განადგურებაზე დახარჯა.
„მხარდაჭერის რეიტინგი ეცემა, შფოთვა იზრდება და უკმაყოფილება მატულობს. ოთხწლიანი ფსიქოლოგიური ზღვარი გადალახულია და ზოგიერთმა ადამიანმა გააცნობიერა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის“, – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“ პოლიტოლოგმა კონსტანტინ კალაჩოვმა. თუმცა, მისივე თქმით, „სიტუაცია კრიტიკული არ არის“. ინტერნეტის გათიშვით გამოწვეული საყოველთაო უკმაყოფილების მიუხედავად, იმედგაცრუება, ჯერჯერობით, მასშტაბურ პროტესტში არ გადაზრდილა, რადგან ხელისუფლება ნებისმიერ განსხვავებულ აზრს უმკაცრესად ახშობს, ხოლო რუსები, შეზღუდვების გვერდის ასავლელად, ვირტუალურ კერძო ქსელებს (VPN) იყენებენ. კალაჩოვის თქმით, გამოწვევებთან ადაპტირება ბევრმა რუსმა მოახერხა და, უკრაინასთან ომის ოთხ წელზე მეტხანს გაჭიანურების ფონზე, „მოკლევადიანი პერსპექტივით ცხოვრება ისწავლა“.
„ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია შეიძლება ასე შეჯამდეს: ცხოვრება რთულია, მაგრამ ასატანი“, – დასძინა კალაჩოვმა.
რუსეთი კუთხეშია მიმწყვდეული, თუმცა მაინც „მრისხანე“ მოწინააღმდეგედ რჩება
ბოლო თვეებში, უკრაინაში რუსეთის წინსვლა უკიდურესად შენელდა. ასობით ათასი მებრძოლის დაღუპვისა და მეზობელ ქვეყანაში დამანგრეველი ბრძოლების მიუხედავად, მოსკოვმა მიზანს ვერ მიაღწია და დონბასის რეგიონის მთლიანად აღება ვერ მოახერხა. „ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის“ (ISW) მონაცემებზე დაყრდნობით და „ფრანს-პრესის“ მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილში, პირველად 2023 წლის შემდეგ, რუსულმა არმიამ უკრაინაში იმაზე მეტი ტერიტორია დაკარგა, ვიდრე დაიკავა. 9 მაისს მოსკოვში გამართული გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური აღლუმის მასშტაბი, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად იყო შემცირებული და პირველად თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, სამხედრო ტექნიკა საერთოდ არ გამოჩენილა, უკრაინული დრონების თავდასხმის შიშის გამო.
„9 მაისის ცერემონიის უბადრუკი სახე კრემლის სირთულეებზე მეტყველებს, რაც, შესაძლოა, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებს მოგვაგონებდეს“, – აღნიშნა პარიზში ბაზირებული „მონტენის ინსტიტუტის“ ექსპერტმა მიშელ დიუკლომ, ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნებულ ნაშრომში. „მისი ეკონომიკა, რომელიც თავდაპირველად სამხედრო ხარჯებით სტიმულირდებოდა, ახლა სტაგნაციას განიცდის და ისევე როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში, რეცესიაშიც კი გადადის“, – დასძინა მან. თუმცა, მისივე თქმით, ვითარების ზედმეტად გაზვიადება დაუშვებელია. ბრძოლის ველზე რუსეთის მზარდი დანაკარგების და პრობლემების მიუხედავად, მოსკოვი მაინც ანგარიშგასაწევ ძალად რჩება.
„მართალია, რუსეთი კუთხეშია მიმწყვდეული, მაგრამ კვლავ მრისხანე ძალად რჩება ერთბაშად სამ ბრძოლის ველზე: ფრონტის ხაზზე, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კუთხით და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში“, – ნათქვამია დიუკლოს ნაშრომში.
„მოვლენების დრამატიზებას ნუ მოვახდენთ“
ლატვიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიშის თანახმად, რომელსაც „ფრანს-პრესი“ გაეცნო, ხელისუფლების მიერ ინტერნეტის შეზღუდვის გამო, რუსეთის ბიზნეს-ელიტაში უკმაყოფილებაა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უწყებებმა, პუტინის მისამართით გაჟღერებული დაუზუსტებელი მუქარებიდან გამომდინარე, რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში, ამ თვის დასაწყისში რუსეთის ეკონომიკაში კვარტალური ვარდნა დაფიქსირდა. ლატვიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, უკრაინის ომზე გაწეული კოლოსალური ხარჯების დაფარვის მიზნით გადასახადების გაზრდამაც ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია. „ჩვენი ინფორმაციით, ელიტის წევრები განიხილავენ პოტენციურ ფიგურებს, რათა ამჟამინდელი ასაკოვანი ლიდერები, დროთა განმავლობაში, უფრო ახალგაზრდებით ჩაანაცვლონ, რომლებიც, მათი აზრით, უკეთ დაიცავენ მათ ინტერესებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
დასავლურ მედიაში დიდი ხანია ვრცელდება ვარაუდები, რომ პუტინის შიდა წრიდან, შესაძლოა, მისი კონკურენტი გამოჩნდეს, თუმცა ასეთი ჯერჯერობით არავინ ჩანს. 2023 წელს რუსული გასამხედროებული დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის კრემლის წინააღმდეგ ღია ამბოხების შემდეგ, პუტინი სამხედრო სფეროსა და მთავრობაში ნებისმიერი სახის ავტონომიას ახშობს. „კრიზისს ორი ფაქტორი სჭირდება: ბიძგი და ლიდერი“, – ამბობს კალაჩოვი.
საყოველთაო იმედგაცრუების მიუხედავად, ბიძგი ჯერ კიდევ არ ყოფილა. „რაც შეეხება ლიდერს… ჩვენ არ გვაქვს ისეთი სისტემა, სადაც შეიძლება არასანქცირებული ლიდერები გამოჩნდნენ. ამიტომ, მოვლენების დრამატიზებას ნუ მოვახდენთ“, – დასძინა მან.
https://www.afp.com/en/agency/our-commitments/afp-charters
