1996 წლის 24 თებერვალს, ასოციაცია „Hermanos al Rescate“-ის კუთვნილი სამი თვითმფრინავი ფლორიდიდან აფრინდა. მის ბორტზე დევნილობაში მყოფი კუბელი დისიდენტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ამერიკის მოქალაქეობა მიიღეს. „ისინი კუბის ხელისუფლების ოპონენტები იყვნენ და, ძირითადად, იმ კუბელებს ეხმარებოდნენ, რომლებიც კუნძულიდან ტივებით გაქცევას ცდილობდნენ“, – განმარტავს გრენობლის (საფრანგეთი) ალპების უნივერსიტეტის ესპანური ენისა და კულტურის ლექტორი, ჯანის არგაილო.
„ამ ამბავამდე რამდენიმე კვირით ადრე, ასოციაციის თვითმფრინავებმა კუნძულს არაერთხელ გადაუფრინეს. კუბის მთავრობამ ვაშინგტონში დიპლომატიური ნოტები გააგზავნა და შეერთებული შტატები გააფრთხილა. ვფიქრობ, სულ 16 ასეთი გაფრთხილება გაიგზავნა“, – დასძინა მან. თავის მხრივ, კუბა მათ ჯაშუშურ თვითმფრინავებად მოიხსენიებდა.
იანვარში „Hermanos al Rescate“-მა კუნძულზე ათასობით პროკლამაცია ჩამოყარა, რომლებიც კასტროს წინააღმდეგ იყო მიმართული. ამის შემდეგ, კუბის ხელისუფლება გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ეს თვითმფრინავები შესაძლოა ჩამოეგდოთ. თებერვლის ბოლოს, რუსული წარმოების ორი „მიგ“-ი ჰაერში აფრინდა, ცეცხლი გახსნა და ორი ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო, მესამემ კი გაქცევა მოახერხა.
ოთხი დაღუპულის ცხედრები ვერც კი იპოვეს. მათმა ნათესავებმა სამართლებრივ გზას მიმართეს, თუმცა – უშედეგოდ.
ოცდაათი წლის შემდეგ, 2026 წლის 20 მაისს, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა რაულ კასტროს ბრალი წაუყენა. ის აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობის მიზნით შეთქმულებასა და თვითმფრინავების განადგურებაშია დადანაშაულებული.

ყველაფერი სიმბოლოებს უკავშირდება
„ამ ბრალდების გამოსაცხადებლად 20 მაისი შემთხვევით არ შერჩეულა“, – ამბობს ჯანის არგაილო. „ამ დღეს კუბის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოცხადდა. ამდენად, ეს თარიღი იმის ხაზგასასმელად შეირჩა, რომ 1959 წლის 1 იანვარი – კასტროს რევოლუციის დღე – კუბის ისტორიის დასაწყისს არ წარმოადგენს და მიუთითებს, რომ რაღაცეები მასზე ადრეც არსებობდა“, – განმარტავს ექსპერტი. მოკლედ რომ ვთქვათ, კუბას წარსული კასტროების ოჯახის გარეშეც გააჩნდა და მომავალი მათ გარეშეც ექნება.
ერთი სიტყვით, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კუნძულზე კონტროლის დამყარების სურვილი, ხაზი გაუსვა მზიან კლიმატს და „ულამაზეს გოლფის მოედნებს, რომლებიც იქ შეიძლება აშენდეს“. და მაინც – რატომ გადაწყვიტეს ვაშინგტონში რაულ კასტროზე შეტევა სწორედ ახლა, როდესაც ის კუბაში აღარც მინისტრია და აღარც პრეზიდენტი?
ჯანის არგაილო განმარტავს, რომ „ფიდელ კასტრო წარსულის სიმბოლო იყო, რაული კი დღესაც ასეთად რჩება კუბელებისა და მთელი მსოფლიოსთვის. ამჟამინდელ პრეზიდენტ დიას-კანელს არ აქვს თავის ხალხთან იგივე ტიპის ურთიერთობა. ის არ მდგარა შეიარაღებული რევოლუციის სათავეებთან და მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე რევოლუციის გმირების მისამართით. ასე რომ, ის, რაც ახლა ხდება, სიმბოლოზე თავდასხმას წარმოადგენს“.
კიდევ ერთი სიმბოლური ასპექტი თავად ბრალდებაა. კუბას შეერთებულ შტატებთან ექსტრადიციის ხელშეკრულება არ გააჩნია. შესაბამისად, რეჟიმი არ გადასცემს ვაშინგტონს რაულ კასტროს, რათა მან სასამართლოს წინაშე აგოს პასუხი. ამდენად, აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადება, რომ „რაულ კასტროს სასამართლოში საკუთარი ნებით გამოცხადებას მოელის“, რეალისტურად ნამდვილად არ გამოიყურება.

რა მოხდებოდა, აშშ-ს კუბაში ადამიანის გატაცება რომ დაეგეგმა… ისევე, როგორც ვენესუელაში
აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებაზე კუბის მთავრობამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და განაცხადა, რომ ეს ბრალდება კუნძულზე სამხედრო ინტერვენციის გამართლების მცდელობაა. მართლაც, ადვილი წარმოსადგენია, რომ ამჟამინდელი და ყოფილი ლიდერების შესაპყრობად, ვაშინგტონმა კუბაში შეჭრა სცადოს ზუსტად ისე, როგორც ეს ვენესუელაში ნიკოლას მადუროს შემთხვევაში გააკეთა.
„დიახ, მაგრამ ეს ხომ კუბაა! – კიდევ ერთხელ განმარტავს ჯანის არგაილო, – კუბის რევოლუციამ ძლიერი ეროვნული თვითშეგნება ჩამოაყალიბა. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ კუბელების უმეტესობა გულგატეხილია და აღარ სურს არსებული სისტემა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ „მაკდონალდსში“ სიარული ან აქ აშშ-ის ხილვა იზიდავთ. დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, კასტროსა და ჩე გევარას ფიგურების მიმართ ინტერესის რომანტიზებული აღორძინებაც კი შეინიშნება. ზოგიერთი კუბელის აზრით, ფიდელი დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამერიკელები მასთან ასე ლაპარაკს ვერ გაბედავდნენ“.
ამ შემთხვევაშიც, ეს არის სიმბოლო, რომელსაც კუბის ფარგლებს გარეთაც კი აქვს ძალა. ამიტომ, სულაც არ იქნება მოულოდნელი, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა და რუსეთმა სამხედრო ინტერვენციას მხარი რომ არ დაუჭირონ.
აშშ-ის ავიამზიდი კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში
ბრალდებების გაჟღერების დღესვე, ამერიკული ავიამზიდი „ნიმიცი“კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში შევიდა. „ნიუ იორკ თაიმსის“ თანახმად, მოსალოდნელია, რომ იგი იქ რამდენიმე დღეს დარჩება. ზუსტად ასე დაიწყო ოპერაცია ვენესუელაშიც. ისტორია შეიძლება ამჯერად არ განმეორდეს, მაგრამ მსგავსება აშკარაა.
ოფიციალური კუბური გამოცემა „გრანმა“ იუწყება, რომ პარასკევს დილით საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხალხს აქციისკენ მოუწოდებდნენ, რათა „აშშ-ის ადმინისტრაციის ეს საზიზღარი და სამარცხვინო ქმედება დაგმონ“. „ვერც მუქარა, ვერც ბლოკადა, ვერც ენერგეტიკული ბლოკადა და ვერც ცრუ ბრალდებები ვერ გატეხს მთელი ხალხის ნებას, დაიცვას თავისი რევოლუცია“, – დაწერა „გრანმა“.
როგორც ხედავთ, რევოლუციური რიტორიკა კვლავ ცოცხლობს. თუმცა, კუბა ახლა ისეთი სუსტია, როგორც არასდროს.

