სულ უფრო რეალური ხდება ჩეხეთის პრეზიდენტის მიერ საკუთარი ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრა, რომელიც კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხებს შეეხება. პეტრ პაველმა დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, თუ მთავრობა მას ივლისში, ანკარაში გასამართ ნატო-ს სამიტზე ჩეხეთის სახელით მონაწილეობაში შეუშლის ხელს. პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის განცხადებით, მთავრობა დელეგაციის შემადგენლობას 8 ივნისს დაასახელებს. უკვე ორი თვეა, რაც მთავრობის მეთაური დაჟინებით ითხოვს, რომ თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით ჩეხეთის პოზიცია სამიტზე მან და მისი კაბინეტის წევრებმა წარადგინონ, და არა პრეზიდენტმა.
პაველი კი ბაბიშს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ვინაიდან კონსტიტუციის თანახმად, საგარეო ურთიერთობებში სახელმწიფოს იგი წარმოადგენს, ამიტომ, სამიტზე დასწრების კონსტიტუციური უფლება სწორედ მას აქვს. „თუ მთავრობის გადაწყვეტილება ისეთი იქნება, რაც ხელს შეუშლის პრეზიდენტს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაში, მაშინ არბიტრისთვის – ანუ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის – მიმართვის გარდა, სხვა გზა, სავარაუდოდ, აღარ დარჩება“, – ხაზგასმით აღნიშნა მან. ბაბიშმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა: „პრეზიდენტთან კონტაქტზე ვარ და რაც მანამდე ვთქვი, კვლავ ძალაშია“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.
პაველი არგუმენტად არა მხოლოდ კონსტიტუციას, არამედ პოლიტიკურ ტრადიციებსაც ასახელებს. აქამდე არსებობდა შეთანხმება, რომ პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოს ევროკავშირის სამიტებზე წარმოადგენს, პრეზიდენტი კი – ნატოს შეხვედრებზე. სწორედ ამიტომ მოითხოვს იგი სამიტზე დასწრებას. „რა თქმა უნდა, 8 ივნისს დაველოდები, როდესაც მთავრობა საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, შემდეგ კი მისი განცხადების შესაბამისად ვიმოქმედებ“, – აღნიშნა პაველმა.
მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ივლისის ნატო-ს სამიტზე ჩეხეთის დელეგაციას პრემიერ-მინისტრმა ბაბიშმა უხელმძღვანელოს. ისინი ამ ღონისძიებაში პრეზიდენტის მონაწილეობას გამორიცხავენ. „ვერ წარმომიდგენია, ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ყველაფერი სხვაგვარად როგორ უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა კარელ ჰავლიჩეკმა. კითხვაზე, არის თუ არა საკითხი უკვე საბოლოოდ მოგვარებული, ჰავლიჩეკმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ყველაფერი მეტ-ნაკლებად გადაწყვეტილია. „შეთანხმების მიღწევის სივრცეს ვერ ვხედავ; ეს საკითხი უსაფუძვლოდ არის პოლიტიზირებული“, – დასძინა მან.
ფაქტები: დავა ნატო-ს სამიტზე პრეზიდენტის დასწრებისა და მისი უფლებამოსილებების საკითხზე
- კომპეტენციაზე დავის არსი – კომპეტენციის საკითხზე დავაში ორი ინსტიტუტი საკუთარი უფლებამოსილებების დაზუსტებას ითხოვს. ასეთ დავებს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს. თუ ვინმეს სურს სახელმწიფოს მეთაურის მიერ გადადგმული ნაბიჯის გასაჩივრება, მას შეუძლია, პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანოს.
- ერთადერთი პრეცედენტი – საკონსტიტუციო სასამართლოს ამ დონის დავაზე მხოლოდ ერთხელ აქვს გადაწყვეტილება მიღებული. ის შემთხვევა ჩეხეთის ეროვნული ბანკის მმართველს ეხებოდა. პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა ზდენეკ ტუმა თანამდებობაზე მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მილოშ ზემანის თანხმობის გარეშე დანიშნა, რომელსაც დანიშვნის აქტის დამოწმება თავისი ხელმოწერით არ მოუხდენია. მაშინ სასამართლომ გადაწყვეტილება პრეზიდენტის სასარგებლოდ მიიღო.
- ბოლო პერიოდის კონფლიქტები – მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ახალი მთავრობა ანდრეი ბაბიშის ხელმძღვანელობით, სახელმწიფოს მეთაურთან რამდენიმე დისკუსია გაიმართა უფლებამოსილებების საკითხებზე. პირველი უთანხმოება ეხებოდა სამთავრობო კოალიციაში შემავალი პარტია „მოტორისტების“ წარმომადგენელი დეპუტატის, ფილიპ ტურეკის მინისტრად დანიშვნაზე პრეზიდენტ პეტრ პაველის უარს. ბოლო დაპირისპირება კი შეეხება მთავრობის პოზიციას, რომ პრეზიდენტი ანკარაში ნატო-ს სამიტს არ უნდა დაესწროს.
- პოზიციის შეცვლა – მანამდე ბაბიშმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ანკარაში პრეზიდენტი უნდა გამგზავრებულიყო. განსხვავებული აზრი პირველად მიმდინარე წლის დასაწყისში საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტრ მაცინკამ („მოტორისტები“) გამოხატა. ამის შემდეგ, 18 მარტს, პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ სამიტს თავად დაესწრებოდა. ამაზე პაველმა უპასუხა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლის საფუძველს ვერ ხედავდა.
- მომდევნო ნაბიჯი – აპრილში სახელმწიფოს მეთაურმა საკუთარი პოზიცია პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ წერილში ჩამოაყალიბა. საბოლოო გადაწყვეტილება 8 ივნისს უნდა იქნას მიღებული.
„ოპოზიციის ლიდერს შეუძლია გააკრიტიკოს მთავრობა, მაგრამ ის არ უნდა წარმოადგენდეს ჩეხეთს იქ, სადაც მთავრობის პოლიტიკა განიხილება“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტრ მაცინკამ პაველის მისამართით. თუმცა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსად მის მოხსენიებას პრეზიდენტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც იგი მთავრობას არწმუნებს, რომ ნატო-ს სამიტზე მის პოზიციებს დაიცავს.
„კონსტიტუციის თანახმად და პასუხისმგებლობების განაწილების საფუძველზე, საგარეო ასპარეზზე ოფიციალურ მოლაპარაკებებში ქვეყანას პრეზიდენტი წარმოადგენს, რაც წინა პრეზიდენტების დროსაც მოქმედებდა, როდესაც ისინი ქვეყანას ნატო-სა და გაერო-ში წარმოადგენდნენ. პრეზიდენტი ყოველთვის მთავრობის მიერ დამტკიცებული მანდატის შესაბამისად მოქმედებდა“, – განაცხადა პაველმა 8 მაისს.
მთავრობა და პრეზიდენტი თავდაცვის ხარჯებზე ვერ თანხმდებიან
ოთხშაბათს ბაბიშმა გამოაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრ იარომირ ზუნას უკვე დაავალა ნატო-ს სამიტისთვის მთავრობის მანდატის მომზადება. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავარი თემები უკვე ცნობილია: „ეს მოიცავს მშპ-ის პროცენტულ მაჩვენებლებს, არმიის საბრძოლო შესაძლებლობებს და ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ შევასრულებთ ნატოს წინა სამიტზე აღებულ ვალდებულებებს (მშპ-ის 3,5 პროცენტს, პლუს 1,5 პროცენტი) 2035 წლისთვის“.
მთავრობისგან განსხვავებული შეხედულება პრეზიდენტს სწორედ თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით აქვს. მას სურს, რომ ჩეხეთმა თავდაცვაზე მშპ-ის 2%-ზე მეტი უკვე მიმდინარე წელს დახარჯოს და 2035 წლისთვის ეტაპობრივად მიაღწიოს მშპ-ის 3.5%-იან მაჩვენებელს. თუმცა პრემიერ-მინისტრმა ოთხშაბათს აღიარა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, გადააჭარბებს თუ არა სახელმწიფო წელს ამ ორპროცენტიან ზღვარს.
„თუ მთავრობა არ გაზრდის თავდაცვის ხარჯებს და დაჟინებით მოითხოვს იმას, რასაც ახლა ამბობს – კერძოდ იმას, რომ ორი პროცენტი საკმარისია – მაშინ ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულების აშკარა დარღვევა იქნება“, – აღნიშნა პაველმა 1 აპრილს. ნატო-ს სამიტზე ჩეხეთის დელეგაციის შემადგენლობის საკითხი პაველმა ბაბიშთან ბოლოს 8 მაისს, პრაღის ციხესიმაგრეში შეხვედრის დროს განიხილა. ამ შეხვედრაზე ორ პოლიტიკოსს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
ოპოზიცია მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდებს
„არსებობს პრეზიდენტის, როგორც შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის როლი, ასევე მთავრობის, როგორც საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში მთავარი აქტორის ფუნდამენტური ფუნქცია. ამიტომ, მხარეები რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ“, – მიიჩნევს „სამოქალაქო-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, მარტინ კუპკა.
„მიუღებელია, რომ მთავრობამ ამგვარად შეზღუდოს პრეზიდენტი, რომელიც, პირდაპირი წესით არის არჩეული და კონსტიტუციის თანახმად, საგარეო ასპარეზზე ჩეხეთის წარმოდგენლის უფლებამოსილება აკისრია“, – აცხადებს „მეკობრეების პარტიის“ ლიდერი, ზდენეკ გრჟიბი.
გავრცელებული ინფორმაციით, თუ მინისტრთა კაბინეტი ნატო-ს სამიტზე პეტრ პაველის დასწრებას არ დაამტკიცებს, ჩეხეთის პრეზიდენტი ანკარაში კერძო პირის სტატუსით არ გაემგზავრება.
https://ct24.ceskatelevize.cz/clanek/domaci/pavel-potvrdil-ze-poda-kompetencni-zalobu-pokud-mu-vlada-zamezi-v-ucasti-na-summitu-nato-373717
