გერმანიაში „შავ-წითელ“ კოალიციას გადამწყვეტი პერიოდი დაუდგა: მომავალი რეფორმებისთვის კოალიციას ფართო მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა, კანცლერი ვერ ახერხებს თავისი სათქმელის მიტანას მათთან, ვისაც ეს რეფორმები უნდა შეეხოს.
ფედერალურ მთავრობას კომუნიკაციის პრობლემა აქვს და კანცლერი ამას ღიად აღიარებს. გასულ კვირას, ვიურცბურგში, „კათოლიკური დღის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას, ფრიდრიხ მერცმა (CDU – „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“) აღიარა, რომ თავისი პოლიტიკური კურსი მან უფრო ეფექტურად და გასაგებად უნდა განმარტოს: „ბოლო კვირების განმავლობაში სულ უფრო მეტი ინტენსივობით ვფიქრობ იმაზე, თუ რატომ ხდება, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობასთან საკმარისი წვდომა არ მაქვს ან ვერ ვარწმუნებ მათ იმაში, რომ გზა, რომლის გატარებასაც მთავრობაში ვცდილობთ – გზა, რომლის გატარებასაც მე ვცდილობ – სწორი და მოსახლეობისთვის მიმზიდველია“.
სათქმელი ადრესატამდე ვერ აღწევს
როდესაც ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია ირღვევა, ეს დემოკრატიაში ფუნდამენტურ პრობლემად იქცევა. ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, პენსიებისა და გადასახადების სფეროებში მოახლოებული ცვლილებების გათვალისწინებით, CDU/SPD-ის („ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“/ „სოციალ-დემოკრატიული პარტია) ბაზაზე ჩამოყალიბებულ ფედერალურ მთავრობას, როგორც არასდროს, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერა სჭირდება. მერცი თითქმის ყოველდღიურად უსვამს ხაზს, თუ რამდენად აუცილებელია ეს რეფორმები. ვიურცბურგში ის თვითკრიტიკული იყო: „ვიცი, რომ გარკვეულწილად უნდა გავაუმჯობესო ჩემი კომუნიკაცია, რათა სათქმელი ადამიანებამდე უკეთესად მივიდეს“.
რიტორიკაში დახელოვნებული
თუმცა, ფედერალური საარჩევნო კამპანიის დროს, კანცლერი მერცი, ამ თვალსაზრისითაც, თავისი წინამორბედის, ოლაფ შოლცის (SPD) ანტიპოდად წარმოჩინდა; შოლცს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ თავი ქედმაღლურად ეჭირა და თავის პოლიტიკურ გეგმებს საკმარისად არ განმარტავდა. მისგან განსხვავებით, დღევანდელი კანცლერი საზრიან და ენამახვილ ორატორად მიიჩნევა. ის 1996 წელს, როგორც ბუნდესტაგის ახალბედა წევრი, საუკეთესო ახალგაზრდა გამომსვლელად დასახელდა. „ახალგაზრდებმა ბრძოლა უნდა დაიწყონ“, – ასეთი მოწოდებით გამოვიდა მაშინ მერცი.
იმ დროს ეს, გარკვეულწილად, ბუნდესტაგში ოპოზიციის ლიდერის როლსაც შეესაბამებოდა: მერცი მიგრაციული წარმომავლობის მქონე მოსწავლეებს „პატარა ფაშებად“ მოიხსენიებდა და ამტკიცებდა, რომ თავშესაფრის მაძიებლები, რომლებსაც განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს, გერმანელებს სტომატოლოგთან რეგისტრატორის ადგილებს ართმევდნენ.
კანცლერის როლში ვერ შევიდა
კანცლერი ხელს უნდა უწყობდეს ინტეგრაციას, მერცმა კი, ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ, ეს როლი ვერ შეასრულა. გასული წლის შემოდგომაზე, მიგრაციული პოლიტიკის საკითხზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ გერმანიას „ქალაქების იერსახის“ პრობლემა აქვს, მსოფლიო კლიმატის კონფერენციაზე ვიზიტის შემდეგ კი, ბრაზილიელი მასპინძლები დააკნინა. გასულ თვეში კანცლერმა ასევე განარისხა თავისი კოალიციური პარტნიორი (SPD), როდესაც აღნიშნა, რომ სავალდებულო საპენსიო დაზღვევა მომავალში, „საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ სიბერეში საბაზისო უზრუნველყოფას თუ გასწვდება“.
ბევრს სურს მკაფიო ხასიათის პოლიტიკოსების ხილვა, რომლებიც თავიანთ აზრს პირდაპირ გამოხატავენ. თუმცა,მრავლად არიან ისეთებიც, – განსაკუთრებით, რეფორმების შესახებ დებატების დროს – რომლებიც კანცლერის მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვას მიკროსკოპის ქვეშ ამოწმებენ. მათ შორის ლავირება და ბალანსის დაცვა მერცს, როგორც ჩანს, აშკარად უჭირს.
მოლოდინები გაიზარდა
როდესაც მერცის წარუმატებელ კომუნიკაციას იხილავენ, ბუნდესტაგის წევრებს შორის, რომლებიც „სოციალ-დემოკრატიულ პარტიის“ ან „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წარმომადგენლები არიან, მუდმივად ფიგურირებს ერთი ფრაზა: „მოლოდინების მართვა“. ეს ეხება იმ ფაქტს, რომ კანცლერი და კოალიცია იმაზე მეტს დაჰპირდნენ ხალხს, ვიდრე შეასრულეს. ეს დიდ უკმაყოფილებას იწვევს: ხმამაღლა დაანონსებული „რეფორმების შემოდგომა“ არ შედგა და ამის ნაცვლად, გაზაფხულზე მძაფრი შიდა უთანხმოებები დაიწყო. კოალიციური პარტიები – მათ შორის CDU/CSU – გამოკითხვებში ახლა უკვე ჩამორჩებიან ულტრამემარჯვენე ძალას – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD-ს). გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კანცლერით უკმაყოფილებამ რეკორდულ ნიშნულს სწორედ მაშინ მიაღწია, როდესაც საქმის კეთებისკენ მოწოდებები სულ უფრო ხმამაღლა გაისმის, ზაფხულის მიწურულს კი მნიშვნელოვანი რეგიონული არჩევნებია ჩანიშნული. ამიტომ, ფრიდრიხ მერცი მართალია: მას ბევრი რამ აქვს ასახსნელი – და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოს.
https://www.br.de/nachrichten/deutschland-welt/vermittlungsproblem-warum-erreicht-merz-die-menschen-nicht,VKMVdA3
