პატრიარქ შიო მესამის პირველი ნათლულები – ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში ბავშვთა საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი მიმდინარეობს.
600-ზე მეტი ბავშვის ნათლია, რომლებიც ოჯახების, მესამე და მომდევნო შვილებია, შიო მესამე იქნება. ის ილია მეორის დაწყებულ ტრადიციას განაგრძობს.
დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, 2008 წლიდან მშობლების სურვილის შემთხვევაში, პატრიარქი ოჯახში დაბადებულ მესამე და მომდევნო შვილს ნათლავდა.
„ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდა. მისი უწმინდესობის სურვილი იყო, რომ ერი გამრავლებულიყო და ერში ერთობა ყოფილიყო.
მისი უწმინდესობის პირველი ნათლობა მიმდინარეობს, პირველი მოინათლა ბორჯომელი გოგონა ანა, რომლის ნათლობა ჩავატარე და ტკივილთან ერთად იყო დიდი სიხარული, რომ ეს ტრადიცია გრძელდება. მჯერა იმის, რომ ეს ბავშვები ამ ქვეყანას გაამთლიანებენ.
ვულოცავ მის უწმინდესობას, შიო მესამესაც, რომ ის დღეს, როგორ პატრიარქი, დალოცავს მის ნათლულებს. ღმერთი შეეწიოს მის უწმინდესობას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
ილია მეორეს პატრიარქობის პერიოდში 72 ნათლობა შესრულდა და უწმინდესს 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
