საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობა ნამდვილად არის საამაყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები, საუკეთესო მაგალითები, რაც ადასტურებს ამ პარტნიორობის ნაყოფიერებას, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ამ თანამშრომლობას მთლიანად რეგიონისთვის შეუძლია კონკრეტული შედეგებისა თუ სარგებლის მოტანა.
„ჩვენი რეგულარული შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო სასარგებლო იყოს ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის. ნამდვილად, რეგიონში ჩვენ გარშემო სიტუაცია არ არის მარტივი, გეოპოლიტიკური გარემო არის რთული და ამ პირობებში, ეს მართლაც სანიმუშო და სამაგალითო თანამშრომლობა არის ის, რასაც შეუძლია იყოს მთელი რეგიონისთვის სასარგებლო და შედეგების მომტანი. სწორედ ამიტომ ამ შეხვედრას აქვს დიდი მნიშვნელობა. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ კარგი შედეგები შევაფასეთ, მაგრამ ვიმსჯელეთ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა, რომ უკეთესი შედეგები მოვიტანოთ ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის.
ეს ნამდვილად უნიკალური ფორმატია, გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ასეთი თანამშრომლობა არსებობს სხვადასხვა სექტორში, სხვადასხვა მიმართულებით სამივე ქვეყანას შორის, რასაც მოაქვს ქვეყნებს შორის პრაქტიკული შედეგები“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
