საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, არის აბსოლუტურად ცხადი, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ ზოგადად, კანდიდატ ქვეყნებს შორის არის აშკარა მოწინავე ყველა თვალსაზრისით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს დასტურდება ისეთი პარამეტრებით, როგორებიცაა მათ შორის ადამიანის უფლებები, დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, კორუფციის სიმცირე.
„მეორე მიმართულება რომ ავიღოთ – ეკონომიკა, აქაც მარტივად ციფრებით დასტურდება, რომ საქართველო ბევრად უსწრებს წინ, მათ შორის განვითარების ტემპებით, ამ კონკრეტულ ქვეყნებს. არის ბევრი სხვა პარამეტრი, მაგალითად საზოგადოების განწყობა ევროინტერგაციისმიმართ, რომ შევადაროთ საქართველო და მოლდოვა, აქაც ვხედავთ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. შემიძლია კონკრეტული ფაქტები მოვიყვანო, რაც არის დაკავშირებული დემოკრატიის მდგომარეობასთან უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. არჩევნებით რომ დავიწყოთ, უკრაინაში საერთოდ არ ტარდება არჩევნები. გასაგებია, ომია და ამით შეიძლება გამართლება მოუძებნო ამ ფაქტს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ დღეს დემოკრატიული პროცესი საერთოდ არ წარიმართება უკრაინაში. დავანებოთ თავი უკრაინას, სადაც ომია და ავიღოთ მოლდოვა, სადაც, ყველამ ვიცით, როგორ ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ყველა ვიცით მაგალითად, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოლდოვაში მცხოვრებ მოსახლეობას არ დაუჭერია მხარი არჩეული პრეზიდენტისთვის, თუმცა დიასპორის ხმების ხარჯზე, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი გამოცხადდა პირველი ტურში არჩეულად. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, იქაც ძალიან დიდი სიმწირეა პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
