ფაქტი ერთია, საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა აშშ-თან ურთიერთობებზე საუბრისა.
მან კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ აქტზე, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი კონგრესმენი ჯო უილსონია.
მისივე თქმით, აღნიშნული პოზიტიური დინამიკა შეინიშნება იმის ფონზე, რომ საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე აშშ-თან ურთიერთობები დათბებოდა.
„ასე, რომ ეს ფაქტორი და გარემოება ტრამპის ახალი ადმინისტრაციისთვის ცნობილი იყო, როდესაც დაიწყო პოზიტიური გზავნილების გაჟღერება და პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა.
რაც შეეხება ჯო უილსონს და მის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტებს, ესეც გლობალური ძალების მიერ კოორდინირებულ ერთ-ერთ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ, რადგან ჯო უილსონი არის პოლიტიკოსი, რომელიც ამერიკის შიდა წრეებში სერიოზულად არ აღიქმება. ამიტომ, ასეთი ტიპის ადამიანისგან რაღაც კანონის დაინიცირება, რომელსაც წარმომადგენლობითი პალატა მხარს უჭერს, ამ ფონზე ეს გასაკვირია. ცხადია, რომ მხოლოდ ჯო უილსონის გამო არ ხდება ეს. ეს ხდება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და მძიმეწონიანი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერითა და მათი ხელშეწყობით და არა ჯო უილსონის სურვილით, რომელიც ვიცით, რომ ფინანსდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. ანუ, აქ ჯო უილსონის ფაქტორი არ არის. რა თქმა უნდა, აქ არის სწორედ გლობალური ძალების მიერ კოორდინირებული ქმედება, რომელსაც გაცილებით სხვა მიზნები გააჩნია და არა ის მიზნები, რომელიც ღიად ჟღერდება ამერიკის თუ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებების მიერ“, – განაცხადა სეფაშვილმა.
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო. კონგრესმენების ჯო უილსონისა და სტივ კოენის მიერ წარდგენილ დოკუმენტი საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობების შესახებ ანგარიშის წარდგენას ითხოვს.
