ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი აშშ-ის დამარცხების დეკლარაციად იქცა, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა და აშშ-სთან ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.
ირანის პარლამენტის სპიკერის თქმით, შეთანხმება არა ზეწოლის არამედ, ირანის წინააღმდეგობისა და ღირსების შედეგია.
ღალიბაფის მტკიცებით, ირანის შეიარაღებული ძალების სასტიკმა წინააღმდეგობამ და ხალხის გმირულმა პოზიციამ აშშ-სა და „ისრაელის რეჟიმს“ დიდი ფასი გადაახდევინა. ირანის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ომი არ იყო მხოლოდ სამხედრო დაპირისპირება, არამედ ორგანიზებული მცდელობა რეგიონული სტრატეგიული ბალანსის შესაცვლელად.
„ირანელმა ერმა დაამტკიცა, რომ დამოუკიდებელი ერებისთვის ნების თავს მოხვევის ერა დასრულდა და თქვენ ნახეთ, როგორ აღფრთოვანდა მსოფლიო ამ შეუპოვრობითა და გამარჯვებით. მდგრადი მშვიდობა არა მორჩილებითა და ზეწოლით, არამედ ღირსებით, ძალაუფლებითა და პატივისცემით მოდის“, – აღნიშნა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა.
ირანის პარლამენტის სპიკერმა ასევე თქვა, რომ რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავად რეგიონის ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ და რეგიონის ვერცერთი ქვეყანა ვერ იპოვის თავის უსაფრთხოებას სხვების უსაფრთხოების ნაკლებობით.
