დიდი იმედი გვაქვს, რომ მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს და საბოლოო ჯამში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ინტენსიური თავდასხმა საქართველოზე შეჩერდება, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
„უნდა გავიხსენოთ ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ევროსტრუქტურებში, რომ სამხრეთ კავკასია არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი რეგიონი, სადაც ევროკავშირი აპირებს თანამშრომლობის გაფართოებას. აბსოლუტურად უსაფუძვლოა ასეთი ფიქრი და გეგმა, თუ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა არ აქვთ. ან მეორე ეჭვი ჩნდება, რასაც ასევე აქვს საფუძველი, რომ საქართველოში თანამშრომლობას აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ მათი შერჩეული მარიონეტული ხელისუფლება მოვა სათავეში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სწორედ ამ უსამართლობის გამო დატოვა საქართველოს დელეგაციამ და დიდი იმედი გვაქვს, რომ მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს და საბოლოო ჯამში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ინტენსიური თავდასხმა საქართველოზე შეჩერდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ევროსაბჭოში საქართველოზე დებატები დღის მეორე ნახევარში დაიწყება. დღესვე მიიღებენ რეზოლუციას, რომელიც იმეორებს იმ ჩანაწერებს, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს მიმართ მიიღება.
