გერმანიის გაზის საცავებში 1 ნოემბრისთვის, საუკეთესო შემთხვევაში, მარაგების 77%-მდე შევსებაა შესაძლებელი, თუმცა, უკიდურესად ცივი ზამთრის შემთხვევაში, ეს მოცულობაც კი შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს და ქვეყანას გაზის დეფიციტი შეექმნას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გერმანიის გაზის საცავების ინდუსტრიის ასოციაციის, INES-ის ინფორმაციით, 1 სექტემბრის მდგომარეობით, გერმანიის მიწისქვეშა გაზსაცავები 53%-ით იყო შევსებული. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში. ამის მიზეზი ზაფხულში მარაგების შესავსებად საკმარისი ეკონომიკური სტიმულის არარსებობა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მოვაჭრეებმა გაზსაცავების ხელმისაწვდომი მოცულობის 83%-ის შესაბამისი სიმძლავრე დაჯავშნეს, ზაფხულში მარაგების შევსების დაბალი ტემპის გამო, 1 ნოემბრისთვის ტექნიკურად, მაქსიმუმ, 77%-იანი შევსების მიღწევაა შესაძლებელი, განაცხადა INES-ის მმართველმა დირექტორმა სებასტიან ჰაინერმანმა.
ნორმალური ტემპერატურის პირობებში ეს მოცულობა გაზის უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად საკმარისი იქნება და 1 აპრილისთვის, რომელიც გაზის ბაზარზე ტრადიციულად ზამთრის სეზონის დასასრულად მიიჩნევა, საცავებში მარაგების დაახლოებით 38% დარჩება, წერს სააგენტო.
„თუმცა, უკიდურესად დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, დაახლოებით 77%-იანი შევსების დონე საკმარისი არ არის“, – განაცხადა ჰაინერმანმა.
მისი თქმით, ასეთი სცენარის შემთხვევაში, იანვრის ცალკეულ დღეებში გაზის მიწოდების დეფიციტმა შესაძლოა 25%-ს მიაღწიოს.
ამასთან, 77%-იანი შევსების დონის მისაღწევადაც კი საჭიროა გაზსაცავებში დღეში 1 ტერავატსაათის (TWh) მოცულობის გაზის ჩატუმბვა. ასეთი ტემპი ბოლო სამი კვირის განმავლობაში ერთხელაც არ ყოფილა, – განაცხადა ჰაინერმანმა.
„თუ ბოლო სამი კვირის ტემპით შევსებას გავაგრძელებთ, მხოლოდ 63%-იან დონეს მივაღწევთ“, – თქვა მან.
