ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა, ეს ნიშნავს იმას, რომ შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, გვაქვს დადებითი დინამიკა ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი კორუფციასთან ბრძოლაა.
„ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არის სწორედ ის, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე. ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას და გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, პირველად ისტორიაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა – 8.14 მილიარდი აშშ დოლარი. წინა წელთან შედარებით, ჩვენი სავალუტო რეზერვები 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი, 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო. ასევე, გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც, რომელიც განისაზღვრება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით. ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს ვაჭარბებთ და ადეკვატურობის მაჩვენებელი შეადგენს 128.2%-ს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ სფეროში გვაქვს ძალიან გამართული მონაცემები და პოლიტიკა. არასრულ ორ წელიწადში, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, რეზერვების მოცულობა გაორმაგდა. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას ახორციელებს და იანვარ-ივლისში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 2.5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. რა თქმა უნდა, ამისთვის ეროვნულ ბანკს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით. ამ კუთხით, სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს, როდესაც ოქროში პირველი ინვესტიცია განახორციელა. მას შემდეგ ოქროს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ბაზრებზე, შესაბამისად, ამით გაიზარდა ჩვენი საერთო რეზერვების მოცულობა. მთლიანობაში, მიმდინარე წელსაც 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა. ოქროს წილი ჩვენს საერთო რეზერვებში შეადგენს 14 %-ზე მეტს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ეროვნულ ბანკს ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა PISA-ს კვლევის შედეგებს, რომელიც სასკოლო ასაკის ბავშვების შეფასების დონეს ეხება და რომლის თანახმად საქართველომ ყველა ძირითად სფეროში მაჩვენებლები გაიუმჯობესა.
„მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის საქართველომ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას. ასევე შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა წილი, ესეც არის მნიშვნელოვანი მიღწევა. ამ კუთხით გაუმჯობესების თვალსაზრისით საქართველო 91 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია. ასევე შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, ანუ თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხითაც ეს მაჩვენებელი ძალიან მნიშვნელოვანია. კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს, სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საშუალოს უტოლდება, ან საშუალოზე უკეთესია. ამ შედეგებითაც ვერ ვიქნებით კმაყოფილები. მიუხედავად გაუმჯობესების სერიოზული ტენდენციისა, გვაქვს ხარვეზები, ბევრი რამ გასაუმჯობესებელია და სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც როგორც უმაღლესი განათლების, ასევე, ზოგადი განათლების დონეზე, წარვადგინეთ საზოგადოების წინაშე. ჩვენი რეფორმის გეგმების სათანადო განხორციელება უზრუნველყოფს ჩვენი სკოლის მოსწავლეების შედეგების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ახალი სასწავლო წლის დაწყების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწავლა 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება, ასევე მოსწავლეები სხვადასხვა საგანს განახლებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან.
„სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, აქედან 38 ათასი – საჯარო სკოლებში და 7 ათასი კერძო სკოლებში. 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, ეს არის ან ახალი, ან სრულად რეაბილიტირებული სკოლები. წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა და ბევრი მიმართულებით ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან სკოლის მოსწავლეები შესაბამის საგნებს. უახლოეს მომავალში მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს. მთლიანად იქნება გადახედილი სახელმძღვანელოები ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმის და ზოგადი განათლების მიზნების შესაბამისად. 100 სკოლაში იხსნება რობოტიკის კლუბი. საბაზო საფეხურზე დამატებით 100 სკოლაში იხსნება STEM-კლუბი. ჯამურად STEM-კლუბები იქნება 500 სკოლაში. ფართოვდება სამხედრო საქმის პროგრამა. არსებულ 140 სკოლას დაემატება 100 სკოლა ამ თვალსაზრისით და ეს სწავლება განახლებული თანამედროვე რესურსებით განხორციელდება. ასევე გრძელდება ღირებულებითი განათლების კლუბების პროგრამა. 140 სკოლას ამ კუთხით დაემატება 60 სკოლა. მოსწავლეებს ასევე დაემატებათ ახალი არჩევითი კურსები – ფინანსური წიგნიერება, მედიაწიგნიერება, წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 21 არაქართულენოვან სკოლაში ქართული სექტორი გაიხსნა, გადამზადებულია 600-ზე მეტი ბილინგვური სწავლების სპეციალისტი და პროგრამაში ჩართული სკოლები უზრუნველყოფილია შესაბამისი ბილინგვური საგანმანათლებლო რესურსებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს წარმატებები უსურვა.
„საგამოცდო პროცესში მონაწილე 39 689 აბიტურიენტიდან უმაღლეს და პროფესიულ დაწესებულებებში სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. ეს იყო პირველი წელი რეფორმის დაანონსებიდან და შესაბამისად, ამის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვის თაობაზე. იყვნენ სტუდენტები, რომლებმაც გადალახეს მინიმალური ზღვარი ან უმაღლესი სასწავლებლებისთვის, ან პროფესიული განათლების სფეროში, თუმცა ვერ მოხვდნენ შესაბამის პროგრამებზე. ასეთი აბიტურიენტებისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება მეორადი ჩარიცხვის თაობაზე, რაც დაახლოებით 3 000 სტუდენტს მისცემს მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას. მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა პირველკლასელს, პირველკურსელს, ყველა სტუდენტს, მოსწავლეს. განათლების რეფორმა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.















