საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო გიორგი გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აღიმართა – პროკურორის განმარტებით, ეს დაადასტურეს მოწმის სახით გამოკითხულმა მამუკა ბახტაძემ, ლევან იზორიამ და დავით სუჯაშვილმა. კერძოდ, რომ საკითხი მათთან შეთანხმებული არ იყო.
როგორც თამარ იაკობიძემ გამოკითხულთა ჩვენებების მიხედვით თქვა, საგუშაგოს აღმართვა უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილია და გიორგი გახარიას გადაწყვეტილება მათთან კოორდინირებით უნდა მიეღო.
ადვოკატის ბერდია სიჭინავას განცხადებით, გადაწყვეტილების შესახებ ყველა ინფორმირებული იყო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყვნენ ჩართულები.
პროკურორ თამარ იაკობიძის თქმით კი, სასამართლოზე სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აღიმართა.
„ეს გადაწტვეტილება ეკუთვნოდა გიორგი გახარიას და არ იყო მათთან შეთნხმებული. აქ მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ თავისი არსით დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეებმა დეტალურად გაშალეს ის ნორმატიული აქტები და ფუნქცია-მოვალეობები მათი სამსახურის, მათ შორის სუს-ის, თავდაცვის სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობები, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფუნქცია-მოვალეობები. მათ დეტალურად აუხსნეს სასამართლოს, რატომ იყო საგუშაგოს აღმართვა უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი და რატომ უნდა ყოფილიყო კოორდინირებულად შეთანხმებული, რაც არ განხორციელდა გიორგი გახარიას მიერ.
ყველა მოწმე უთითებს, რომ არც ეროვნული უსაფრთხოების ფორმატში, არც მათთან პირადი კომუნიკაციით, ან მთავრობის სხდომაზე აღნიშნული საკითხი განხილული არ ყოფილა“, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.
