მარსელში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტები მერიის შენობაში შეიჭრნენ. ამის შესახებ ,,ბიბისი” წერს.
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები მერიის შენობის კარს ტეხავენ, მათ უკან კი დემონსტრანტების დიდი ჯგუფი, მათ შორის ნიღბიანი პირები დგანან.
კადრებში ჩანს, როგორ შედიან აქციის მონაწილეები მე-17 საუკუნის ისტორიულ შენობაში, ერთ-ერთი მათგანი კი სკამს ისვრის. როგორც მედია წერს, პოლიციამ ადგილზე სიტუაცია განმუხტა.
მარსელის მერის, ბენუა პაიანის განცხადებით, შენობას „მცირე“ ზიანი მიადგა.
ამასთან, საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ შენობიდან კვამლი ამოდის, ჩამსხვრეულია რამდენიმე ფანჯარაც.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, „მტრულად განწყობილი პირები“ მეხანძრეებს ხანძრის უსაფრთხოდ ჩაქიშრობაში ხელს უშლიან. სამართალდამცველები კი „ძალადობრივი ჯგუფების დაშლას“ ცდილობენ.
პარალელურად, პარიზში მთავარი საპროტესტო აქცია უკვე მიმდინარეობს.
დღეს საფრანგეთში 160-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გამართულ 140 სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიებაში დაახლოებით 33 000 ადამიანი მონაწილეობდა.
