საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო არეულობა, რომელიც ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების დროს საფრანგეთში დაიწყო.
მაკრონი ამბობს, რომ ყველა პირი, ვინც მონაწილეობდა ვანდალიზმსა და სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმებში, პასუხს აგებს და დაისჯება.
“ჩვენს ქვეყანაში ძალადობის ადგილი არ არის. ისინი, ვინც მონაწილეობდნენ ვანდალიზმში, თავს დაესხნენ სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობებსა და მაღაზიებს ძარცვავდნენ, მათ შორის, მერიის შენობებსაც, მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან და დაისჯებიან”, – დაწერა მაკრონმა X-ზე.
პრეზიდენტმა თქვა, რომ არეულობაში მონაწილეობენ “რადიკალურად განწყობილი პირები”, რომელთა ქმედებებიც მშვიდობიან დემონსტრანტებს საკუთარი მოთხოვნების გამოხატვაში ხელს უშლის.
“ჩვენ დავუპირისპირდებით ყველას, ვინც ქაოსს თესავს, მათი მიზანი მხოლოდ ჩვენი ინსტიტუტების განადგურებაა. ისინი ხელს უშლიან იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი მოთხოვნების მშვიდობიანად გამოხატვა სურთ”, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
