აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იკვლევდა შესაძლო კორუფციულ სქემას, რომლის ფარგლებშიც ჰავაის თავდაცვის სფეროს კონტრაქტორი კომპანია Navatek-ის ხელმძღვანელი მარტინ კაო, სავარაუდოდ, კონგრესმენებს სახელმწიფო კონტრაქტების მხარდაჭერის სანაცვლოდ საარჩევნო კამპანიებისთვის შემოწირულებებს სთავაზობდა.
ProPublica-ს საგამოძიებო მასალის თანახმად, სქემაში შესაძლოა მონაწილეობდნენ აწ უკვე გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი, „დემოკრატი“ კონგრესმენი ჯეიმს კლაიბერნი და „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონი.
გამოძიების ერთ-ერთი ცენტრალური ეპიზოდი 2020 წლის 3 მარტს ვაშინგტონში, რესტორან Charlie Palmer Steak-ში გამართულ შეხვედრას უკავშირდება. ლინდსი გრემი Navatek-ის ორ ხელმძღვანელსა და ლობისტს შეხვდა. შეხვედრის დასანიშნად კომპანიას სენატორის საარჩევნო კამპანიისთვის 40 000 დოლარის შეგროვება მოსთხოვეს, თავად შეხვედრა კი მხოლოდ 45 წუთს უნდა გაგრძელებულიყო.
Navatek-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა მარტინ კაომ მოგვიანებით FBI-ს განუცხადა, რომ შეხვედრისას გრემი კომპანიისთვის სამხრეთ კაროლინაში 10 მილიონი დოლარის სახელმწიფო კონტრაქტის მოპოვებაში დახმარებას დათანხმდა. კაოს მტკიცებით, სანაცვლოდ სენატორმა მისი ხელახალი არჩევის კამპანიისთვის ჯამში 100 000 დოლარის შეწირვა მოსთხოვა.
ProPublica-ს ცნობით, კაომ FBI-ს გამომძიებლებს განუცხადა, რომ კომპანიის ბიზნესმოდელი საჯარო მოხელეებისთვის ქრთამის გადახდასა და სანაცვლოდ სახელმწიფო კონტრაქტების მიღებას ეფუძნებოდა. მისი მტკიცებით, Navatek-ის მიერ მთავრობისთვის შესრულებული კვლევითი სამუშაოების ნაწილი ხშირად ყოველგვარ ღირებულებას მოკლებული იყო.
გამოძიების მასალების თანახმად, კაოს გეგმა თავდაცვის სფეროში კომპანიის გაფართოებასა და გავლენიანი პოლიტიკოსების მხარდაჭერის მოპოვებას ითვალისწინებდა.
Navatek კონგრესის გავლენიანი წევრების შტატებსა თუ საარჩევნო ოლქებში ოფისებს ხსნიდა და ადგილობრივ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ფედერალური დაფინანსების მისაღებად კვლევით პროექტებს ამზადებდა. ამის შემდეგ კომპანია პოლიტიკოსებს მიმართავდა პროექტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების თხოვნით.
კაოს მონათხრობის მიხედვით, გარიგებები პოლიტიკოსებთან ან მათ სანდო თანამშრომლებთან პირისპირ შეხვედრების დროს ფორმდებოდა. სანაცვლოდ, Navatek-ის ხელმძღვანელები, მათი ოჯახის წევრები და ლობისტები პოლიტიკოსების საარჩევნო კამპანიებს მნიშვნელოვან თანხებს სწირავდნენ. პოლიტიკოსები კი თავდაცვის ბიუჯეტში ისეთ კონკრეტულ ჩანაწერებს ამატებდნენ, რომლებიც კომპანიისთვის სასურველი პროექტების დაფინანსებას უზრუნველყოფდა.
გამოძიების თანახმად, Navatek-ის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სამხრეთ კაროლინა იყო. 2019 წლის დასაწყისში კომპანიამ, სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გრემის, კლაიბერნისა და უილსონის ოფისებს 9,5 მილიონი დოლარის მოპოვებაში დახმარება სთხოვა. კომპანიის შიდა დოკუმენტების მიხედვით, წარმატების შემთხვევაში, Navatek მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაფინანსების გაგრძელებასა და კიდევ ორი პროექტის დამტკიცებას გეგმავდა. ჯამში, მხოლოდ სამხრეთ კაროლინაში შესაძლო დაფინანსების მოცულობა 90 მილიონ დოლარს აღწევდა.
თუმცა, ProPublica-თან საუბრისას Navatek-ის ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ კომპანიას იმ კვლევების შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები საერთოდ არ ჰყავდა.
FBI-ის მიერ შესწავლილი ელექტრონული მიმოწერის თანახმად, 2019 წელს გრემისა და კლაიბერნის ოფისები თავდაცვის ბიუჯეტში Navatek-ის პროექტისთვის დაფინანსების გათვალისწინებაზე მუშაობდნენ.
2019 წლის მაისში ჯეიმს კლაიბერნის საკანონმდებლო საკითხების დირექტორმა უილი ლაილსმა Navatek-ს აცნობა, რომ წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტი მხარს დაუჭერდა ახალი დაფინანსების გამოყოფას. სამი დღის შემდეგ კი შესაბამისი ჩანაწერი კომიტეტის ანგარიშში გამოჩნდა.
იმავე წლის სექტემბერში სენატის ასიგნებების კომიტეტმა, რომლის წევრიც გრემი იყო, ბიუჯეტის ანგარიშში 9,5 მილიონი დოლარი გაითვალისწინა პროექტისთვის, სახელწოდებით „ტექნოლოგიები და ინოვაციები სამხედრო-საზღვაო ძალების ენერგეტიკული სისტემებისთვის“.
Navatek-ის ხელმძღვანელობა წარმომადგენელთა პალატაშიც ცდილობდა გავლენიანი მოკავშირეების მოპოვებას. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჯეიმს კლაიბერნის მხარდაჭერა, რომელიც „დემოკრატიული“ პარტიის ხელმძღვანელობაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო.
კაოს განცხადებით, 2020 წლის მარტში გამართული შეხვედრისას კლაიბერნი დაინტერესდა, რამდენს სწირავდა ის გრემის საარჩევნო კამპანიას, შემდეგ კი თავადაც იგივე თანხა – 100 000 დოლარი მოითხოვა.
FBI-ის მონაცემებით, დაგეგმილი შეხვედრიდან რამდენიმე დღეში კაომ და მისი ოჯახის წევრებმა კლაიბერნის საარჩევნო კამპანიას ჯამში 20 000 დოლარი შესწირეს. ერთი თვის შემდეგ კი Navatek-ის კიდევ ერთმა ხელმძღვანელმა კლაიბერნის ყოფილ უნივერსიტეტს, სამხრეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტს, 10 000 დოლარი გადაურიცხა.
ჯო უილსონის შემთხვევაშიც კაო FBI-ს მსგავს ისტორიას უყვებოდა. მისი თქმით, კონგრესმენთან კერძო სადილის შეხვედრა საარჩევნო კამპანიისთვის შემოწირულების გადარიცხვით მოაწყო. კაო ამტკიცებდა, რომ უილსონს კლაიბერნისთვის შეწირულ თანხასთან გათანაბრებული შემოწირულება სურდა.
უილსონს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში, რომელიც თავდაცვის ხარჯების დამტკიცებაში მონაწილეობს.
თუმცა ლობისტმა ტონგურმა უილსონის მიმართაც უარყო რაიმე სახის გარიგება. მისი თქმით, კონგრესმენის საარჩევნო კამპანიას იმიტომ სწირავდა თანხას, რომ მისი მეგობარი იყო და ხელახალი არჩევა სურდა.
უილსონის კომუნიკაციების დირექტორმა დევიდ სნაიდერმა ProPublica-ს შეკითხვების დეტალურ ჩამონათვალს არ უპასუხა, თუმცა განაცხადა, რომ კონგრესმენი ყოველთვის იცავდა საარჩევნო შემოწირულებებთან დაკავშირებულ ფედერალური საარჩევნო კომისიის წესებს.
2020 წლის აგვისტოსთვის Navatek-ის შიდა დოკუმენტების თანახმად, გრემისა და უილსონის კომიტეტები კომპანიის მოთხოვნების ნაწილს მხარს უჭერდნენ. კაო უფრო მსხვილი შემოწირულებების განხორციელებასაც გეგმავდა, თუმცა 2020 წლის 30 სექტემბერს იგი დააკავეს.
2022 წელს კაომ უკანონო საარჩევნო შემოწირულებებისა და სასესხო თაღლითობის საქმეში დანაშაული აღიარა. 2025 წელს მას 87 თვით პატიმრობა მიესაჯა.
ProPublica-ს ცნობით, გამოძიების გაგრძელებას ხელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ იუსტიციის დეპარტამენტსა და FBI-ში განხორციელებულმა საკადრო ცვლილებებმა შეუშალა.
ტრამპის ადმინისტრაციამ საჯარო კორუფციის საქმეებზე მომუშავე სპეციალიზებული დანაყოფების საქმიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა. იუსტიციის დეპარტამენტის ანტიკორუფციულ განყოფილებას ახალი საქმეების აღების უფლებამოსილება შეეზღუდა, ხოლო FBI-ის ვაშინგტონის ოფისში ანტიკორუფციული მიმართულების თანამშრომლების წმენდა დაიწყო.
2025 წლის ოქტომბერში გამომძიებელი მიშელ ბოლი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გამოძიებაში ჩართული კიდევ ერთი აგენტი, კევინ გონაუ, კი 2026 წლის დასაწყისში ბიუროდან წავიდა. შედეგად, კაოს ბრალდებების შესწავლა შეწყდა.
