ევროკომისიის პასუხი ტელეკომპანია „იმედის“ სრულიად კონკრეტულ კითხვაზე (“კონკრეტულად ვის მიიჩნევს ბრიუსელი საქართველოში „თვითნებურად დაკავებულად“ და რა
სამართლებრივი არგუმენტებით მოითხოვს მათ გათავისუფლებას”) – უზრდელობის ნიმუში და იმდენად დამახასიათებელი აღმოჩნდა, რომ უხერხულობის ზღვარსაც კი გასცდა, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
ის ევროკომისიის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გაგზავნილ კითხვაზე გაცემულ პასუხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია თანასწორი კომუნიკაცია ინსტიტუტთან, რომელიც პასუხების ნაცვლად კითხვებს სვამს, არგუმენტების ნაცვლად შეფასებებს აკეთებს და საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას მისი სიმართლის საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს.
„კონკრეტული გვარების, საქმეების გარემოებების, სამართლებრივი დასკვნებისა და მტკიცებულებების ნაცვლად – ჟურნალისტებმა მოკლე პასუხი მიიღეს: „გაეცანით ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშს. დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კითხვაზე: „რატომ?“ – ჩვენი რადიკალებისა არ იყოს, პასუხი იყო „იმიტომ!“. ეს უკვე დიპლომატიური ქედმაღლობა კი არა, მე-19 საუკუნეში ჯორჯიას შტატში პლანტატორსა და მონას შორის კომუნიკაციას ჰგავს: მონამ პატრონს კითხვა გაუბედა და ახლა იმით უნდა დაკმაყოფილდეს, რასაც ბატონი მოწყალების სახით გადმოუგდებს მათრახის თანხლებით.
სწორედ ასე გამოიყურება ურთიერთობა, როდესაც საკუთარი სუბიექტობა დაკარგული ერთი მხარე თავს უფლებას აძლევს, მეორე სუვერენული ქვეყნის მიმართ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებები გააკეთოს, მაგრამ ამ შეფასებების დასაბუთებას საჭიროდაც არ მიიჩნევს. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: საერთოდ რა აზრი აქვს ასეთ დიალოგს, როდესაც მისი მონაწილეები თავიდანვე არ აღიარებენ მოსაუბრე მხარეთა თანასწორობას და როდის და რითი უნდა დასრულდეს ეს მარაზმი? განსაკუთრებით საყურადღებოა, რა ხდება ამავე დროს უშუალოდ ევროკავშირის ქვეყნებში.
მხოლოდ საფრანგეთში, ოქტომბრის საპროტესტო აქციების დროს, დაკავებულთა რაოდენობა ათასებს აღწევდა: 17 ოქტომბერს – 2 628 ადამიანი, 24 ოქტომბერს – 1 435, ხოლო 31 ოქტომბერს, წინასწარი მონაცემებით, კიდევ 511 ადამიანი. იტალიაში, 17 ოქტომბერს, მილანში მომხდარი არეულობის შემდეგ პოლიციამ 271 ადამიანი დააკავა, მათ შორის 220 არასრულწლოვანი. ბელგიაში, ბრიუსელსა და ლიეჟში ოქტომბრის შეტაკებების დროს, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობამ თითქმის 200-ს მიაღწია. პორტუგალიაში კი, 25 ოქტომბერს, ლისაბონსა და პორტუში საპროტესტო ბანაკების დაშლისას 31 ადამიანი დააკავეს. ალბანეთს და პოლონეთს – აღარ შევეხები. ეს მხოლოდ დოკუმენტირებული შემთხვევებია და არა ერთი თვის განმავლობაში ევროპის მასშტაბით განხორციელებული ყველა დაკავების სრული სტატისტიკა, რადგან ასეთი მოვლენების ერთიანი, შესადარებელი ევროპული რეესტრი არ არსებობს.
თუმცა ეს ციფრებიც საკმარისია იმის დასანახად, რა მასშტაბით იყენებენ პოლიციურ უფლებამოსილებებს თავად ევროპული სახელმწიფოები. და რატომღაც ევროკომისია არ ჩქარობს, ავტომატურად გამოაცხადოს თითოეული დაკავებული “პოლიციის თვითნებობის” მსხვერპლად, მოითხოვოს ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ევროპულ მთავრობებს განუმარტოს, როგორ უნდა აღასრულონ მართლმსაჯულება.
შედეგად, ვიღებთ საკმაოდ საინტერესო პოლიტიკურ რეალობას: როდესაც პარიზში, მილანში, ბრიუსელსა თუ ლისაბონში პოლიცია საპროტესტო არეულობების მონაწილე ასობით და ათასობით ადამიანს აკავებს, ევროპული ინსტიტუტები საუბრობენ რთულ ვითარებაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, გამოძიების აუცილებლობასა და კანონმდებლობის პატივისცემაზე. მაგრამ როდესაც მსგავსი პროცესები საქართველოში ვითარდება, ბრიუსელი უცებ ითვისებს უფლებას, წინასწარ გასცეს სამართლებრივი შეფასებები, დაკავებებს თვითნებური უწოდოს და ადამიანების გათავისუფლება მოითხოვოს ისე, რომ თითოეული საქმის კონკრეტული გარემოებები საჯაროდ არც კი განიხილოს.
ამ დროს ქართული მხარე ელემენტარულ კითხვებს სვამს: დაასახელეთ გვარები, მიუთითეთ საფუძვლები და განმარტეთ, კონკრეტულად რომელ სასამართლო გადაწყვეტილებებსა და მტკიცებულებებს მიიჩნევთ უკანონოდ. პასუხად კი – თავხედობა და არაფერი, გარდა საკუთარ შიზოფრენიულ ანგარიშზე მითითებისა. მაგრამ ევროკომისიის “ანგარიში” სასამართლო განაჩენი არ არის, ისევე როგორც ბრიუსელის ჩინოვნიკის პოლიტიკური შეფასება სამართლებრივ არგუმენტაციას ვერ ჩაანაცვლებს. თუ ევროპული ინსტიტუტები ადამიანის უფლებების დაცვის ავტორიტეტულ დამცველებად გვევლინებიან, მათაც ევალებათ იმავე მტკიცებულებითი სტანდარტებისა და თანმიმდევრულობის დაცვა, რასაც სხვებისგან მოითხოვენ.
ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა შეწყვიტოს ასეთი პასუხების შინაარსიან დიპლომატიურ დიალოგად აღქმა. შეუძლებელია თანასწორი კომუნიკაცია ინსტიტუტთან, რომელიც პასუხების ნაცვლად კითხვებს სვამს, არგუმენტების ნაცვლად შეფასებებს აკეთებს და საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას მისი სიმართლის საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, ევროკომისიას ვერავინ აუკრძალავს, ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, გამოაქვეყნოს ანგარიშები და გააკრიტიკოს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები. მაგრამ თუ მას სურს, რომ სერიოზულ საერთაშორისო პარტნიორად აღიქვამდნენ, მოუწევს ისწავლოს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემა და არა ქედმაღლური „იმიტომ!“-ით შემოფარგვლა. თავისი „იმიტომ“ ბრიუსელის ბიუროკრატიამ საკუთარ შიდა სივრცეში გამოიყენოს. ხოლო ბრიუსელის კაბინეტების მიღმა, სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, კომუნიკაციის ასეთი ფორმა ვერც არგუმენტებს ჩაანაცვლებს, ვერც სამართალს და ვერც დიპლომატიას”, – წერს დავით ქართველიშვილი.





