საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა პატიმრობაში მყოფი პირის ოჯახის წევრი დაარწმუნეს და დაჰპირდნენ მას, რომ თითქოსდა გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლებდნენ მის ოჯახის წევრს. ამ საბაბით, დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს, რაც სრულად მიისაკუთრეს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დაკავებულია, ხოლო თაღლითური ჯგუფის ერთი წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა,”– აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
